თამარ გაბუნია - კორონავირუსის მეორე ტალღა გარკვეული ალბათობით მოსალოდნელია
სჯობს, უფრო მეტად ვიყოთ ფრთხილად, ვიდრე მოვდუნდეთ იმის იმედით, რომ მეორე ტალღა არ იქნება, ან ჩვენ არ შეგვეხება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მეორე ტალღა გარკვეული ალბათობით, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ვირუსი ჩვენს გარშემოა და თავს გვახსენებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსის რისკები არ შემცირებულა, ის კვლავ მაღალია და ის, რაც წესია, უნდა დავიცვათ“, – განაცხადა გაბუნიამ.
ამ განცხადებით თამარ გაბუნიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, გავიარეთ თუ არა უკვე ეპიდემიის ყველაზე სახიფათო ეტაპი.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გლობალურად, ვირუსი უკან არ იხევს და ბევრ ქვეყანაში სიტუაცია რთულდება.
„მეზობელ ქვეყნებში შემთხვევების რაოდენობა დრამატულად იმატებს და არის წუხილი, თუ როგორ გაუმკლავდება ჯანდაცვის სისტემა და ზოგადად, საზოგადოება ამგვარ მატებას“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, პრობლემის შესაძლო გადაწყვეტაზე დღეს უფრო თამამად შეიძლება საუბარი, ვიდრე ეს სამი თვის წინ იყო შესაძლებელი.
„როცა გამოსავალი უკვე ახლოს არის და ეს პოზიტიური გამოსავალი რეალური და ხელშესახებია, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური ფონიც ნაკლებად დატვირთული ხდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.