თამარ გაბუნია - კორონავირუსის გავრცელების პიკი შესაძლოა, არც გვქონდეს
თამარ გაბუნია - კორონავირუსის გავრცელების პიკი შესაძლოა, არც გვქონდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების ყველა ფაქტზე აქვთ ინფორმაცია, თუ რასთან არის შემთხვევა დაკავშირებული.

„რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელი კლასტერი როდის ემატება, ეს იმას ნიშნავს, რომ კონტროლდება ყველა კლასტერი. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ყველა შემთხვევა ვიცით, რასთან არის დაკავშირებული“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება იმას, თუ როდის უნდა ველოდოთ საქართველოში ვირუსის გავრცელების პიკს, გაბუნია ამბობს, რომ შესაძლოა, პიკი საერთოდ არც მივიღოთ და სწორედ ეს არის ყველას მიზანი.

„რაც შეეხება იმას, თუ როდის ველოდებით პიკს, სხვადასხვა მოდელი ამბობს, რომ თუ არაფერს გავაკეთებთ, პიკი მოსალოდნელია პირველი შემთხვევის გამოვლენიდან მეშვიდე-მერვე კვირაში. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არის ძალიან აქტიური სოციალური დისტანცირება, მთელი რიგი ღონიძიებები, ამიტომ მეშვიდე-მერვე კვირის პიკი, დიდი ალბათობით, გადავადდება და შესაძლოა, არც არასოდეს მივიღოთ ეს პიკი. ჩვენი მიზანიც ეს არის, იყოს ეტაპობრივი, თანმიმდევრული მატება. საუკეთესო სცენარი არის, რომ შემთხვევის მატება და გამოვლენა იყოს ეტაპობრივი“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 67 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ორი ავსტრიელია, რომლებიც სპეცრეისით სამშობლოში უკვე დააბრუნეს. საქართველოს 65 ინფიცირებული მოქალაქიდან კი ცხრა გამოჯანმრთელებულია.