თამარ გაბუნია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გარემოსა და ჯანმრთელობის მინისტერიალში მონაწილეობს
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ბუდაპეშტში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გარემოსა და ჯანმრთელობის მე-7 მინისტერიალში მონაწილეობს. ღონისძიების მიზანი ევროპის რეგიონში კლიმატის ცვლილების გამო ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის მიმართულებით წარმოშობილ გამოწვევებზე მსჯელობა და მათი გადაჭრის გზების მოძებნაა.
თამარ გაბუნიამ მონაწილეობა მიიღო ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ჯანდაცვის მიმართულებით გარემოს დაბინძურების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებსა და მათი მოგვარებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია WASH-ის (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა), როგორც ყველაზე ბაზისური და ეფექტური სტრატეგიის განხორციელება. ასევე, მისი ინტეგრაცია ინფექციის კონტროლის, ერთიანი ჯანმრთელობისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის სტრატეგიებში.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ჯერ კიდევ COVID-19-ის პანდემიამდე დაიწყო WASH-ის სტანდარტების დანერგვა. მისივე განცხადებით, ამ მიმართულებით დღესაც აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
პანელურ დისკუსიას მოდერაციას უწევდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ქვეყნების ჯანმრთელობის პროგრამების სამმართველოს დირექტორი ნინო ბერძული.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში, პანელურ დისკუსიებთან ერთად, სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები და პრეზენტაციები გაიმართა. თამარ გაბუნია გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით კლიმატის ცვლილებების გამო არსებული გამოწვევები და მათთან გამკლავების გზები განიხილეს.
მინისტერიალს, ასევე, ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი.
ღონისძიება უნგრეთის დედაქალაქში, პრეზიდენტ კატალინ ნოვაკის პატრონაჟით, 5-7 ივლისს იმართება. მინისტერიალში ევროპის რეგიონის ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მონაწილეობენ.