თამარ გაბუნია - ინფიცირებულის კონტაქტები ტესტირებას რომ ითხოვენ, მაშინვე ტესტირება რეკომენდებული არ არის, ვირუსის ფაზას გარკვეული დრო სჭირდება
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, როგორი წესით ხდება დღეს კორონავირუსზე ტესტირება ქვეყანაში.
გაბუნიას თქმით, ინფიცირებულის კონტაქტები ტესტირებას რომ ითხოვენ, მაშინვე ტესტირება რეკომენდებული არ არის, ვირუსის ფაზას გარკვეული დრო სჭირდება.
„როგორც წესი, როდესაც ინფიცირების ფაქტი დგება, კონტაქტებს ვადგენთ. ბუნებრივია, პირველი რიგის კონტაქტები ოჯახის წევრები არიან, პირველ რიგში ოჯახის წევრები და ახალი კონტაქტები არის საყურადღებო.
პირველი რეკომენდაცია, რომელიც ამ ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ, ეს არის, გადავიდნენ თვითიზოლაციაში და დარჩნენ 12 დღის განმავლობაში.
თუ გამოვლინდა სიმპტომი და სიმპტომები პროგრესირებს, ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია ტესტირება და ოჯახის ექიმი პოტენციურ პაციენტს აძლევს რჩევას.
ხშირად ხდება შემთხვევა, მოქალაქეები რეკავენ პირველივე სიმპტომების გამოჩენისთანავე, როდესაც დადგინდება, რომ ისინი რომელიმე ინფიცირებულის კონტაქტები არიან, ითხოვენ ტესტირებას. მაშინვე ტესტირება რეკომენდებული არ არის, გარკვეული დრო სჭირდება ვირუსის ფაზას. მისი გამოვლენა მაშინვე არ ხდება, თუნდაც ტესტი ჩატარდეს. ამდენად, სიმპტომები მკვეთრად თუ არ არის გამოხატული, ამ შემთხვევაში, კონტაქტში მყოფ პირებს ვურჩევთ, რომ დარჩნენ თვითიზოლაციაში“, – განაცხადა გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას თქმით, 112 და ოჯახის ექიმები დღეს ძალიან აქტიურად მუშაობენ.