თამარ გაბუნია - კლინიკები კორონავირუსის მეორე ტალღისთვის უნდა მოემზადონ, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ეს ტალღა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და წამალი არ არსებობს, სამწუხაროდ, მეორე ტალღის მოლოდინია და მთელი გლობალური საზოგადოება ამისთვის ემზადება.
„სავარაუდოდ იქნება შემოდგომის პერიოდი, როცა ისედაც ბუნებრივად იზრდება ვირუსული ინფექციების გავრცელება, როცა იხურება ფანჯარა და ადამიანები შედარებით დახურულ სივრცეებში გადადიან. ეს არის სექტემბრის ბოლო, ოქტომბერი და ნოემბერი“,- განუცხადა გაბუნიამ საქართველოს პირველ არხს.
თამარ გაბუნიას თქმით, მიმდინარეობს მუშაობა როგორც ტესტების მარაგების, ასევე პირადი დაცვის საშუალებების მარაგების შევსებაზე და ჰოსპიტალური სექტორის მეტად გაძლიერების მიმართულებით.
„ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ზაფხულის პერიოდში გვექნება ძალიან სერიოზული მობილიზაცია იმ რესურსის, რაც უნდა დავახვედროთ შესაძლო მეორე ტალღას და მიმდინარეობს მუშაობა როგორც ტესტების მარაგების შევსებაზე, ასევე პირადი დაცვის საშუალებების მარაგების შევსებაზე, რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების კუთხით.
ახალი მექანიზმები, რომლებიც ზაფხულიდან იქნება მზად და შემოდგომაზე ამუშავდება, თუ ამის საჭიროება იქნება, ეხება ამბოლატორიულ დონეზე ტესტირების შესაძლებლობას. ასეთი კლინიკა, რომელიც ახლა ცხელებიან პაციენტს იღებს, იქნება 25 და მოხდება საეჭვო პაციენტების ადგილზე ტესტირება, „პისიარ“ ტექნოლოგიით გამოკვლევა. ეს იქნება ერთ-ერთი ქმედითი ნაბიჯი. ასევე, სერიოზული მობილიზება ხდება სასუნთქი აპარატების კუთხით, გაძლიერდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, როგორც რუხის კლინიკის, ასევე ბათუმის ახალგახსნილი კლინიკის.
იგეგმება კადრების გადამზადება და ეს არის ოთხი ძირითადი ჯგუფი – ეპიდემიოლოგები, პირველადი ჯანდაცვის, რომელიც ფოკუსის მთავარი ჯგუფი იქნება. ერთი ჯგუფი ასევე იქნება კრიტიკული მედიცინის სპეციალისტები, ანუ ის ჯგუფი, რომელთა ნაწილიც უკვე იყო კოვიდის მართვაში ჩართული. ასევე, ბუნებრივი გადამზადება შეეხება ინფექციონისტებსა და იმ ექიმებს, რომლებიც ფეხ და ფეხ მიყვებიან იმ სიახლეებს, რაც დღეს სამედიცინო სფეროს აქვს.
მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ჩვენი მთავარი აქცენტი გადავა იმაზე, რომ ინფექციის კონტროლის კუთხით საფუძვლიანად შემოწმდეს ყველა კლინიკა. ამას, რა თქმა უნდა, მოყვება ტრენინგებიც“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ, რომელმაც განმარტა, რომ მათი მიზანია არა სადამსჯელო ღონისძიებების გატარება, არამედ ეპიდემიურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
„ჩვენ გვექნება აქტიური კომუნიკაცია კლინიკებთან, რომ მოემზადონ მეორე ტალღისთვის და იქნება თუ არა ეს ტალღა, ჩვენ უნდა გვქონდეს მაქსიმალური მზაობა, როგორც აქამდე გვქონდა. დღეს, რა თქმა უნდა, რთულია პროგნოზირება, რამდენად მასშტაბური იქნება და როგორ შეგვეხება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.