თამარ გაბუნია - გასულ პერიოდში 1 200 საწოლი გვქონდა მობილიზებული, ამ ეტაპზე ამდენის საჭიროება აღარ არის, „კოვიდის“ და ცხელების მიზნებისთვის გვრჩება 680 საწოლი
გასულ პერიოდში 1 200 საწოლი გვქონდა მობილიზებული, თუმცა ამ ეტაპზე ამდენის საჭიროება აღარ არის და „კოვიდის“ და ცხელების მიზნებისთვის გვრჩება 680 საწოლი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, გასული სამი-ოთხი თვის განმავლობაში ჰოსპიტალურმა სექტორმა სერიოზული გამოცდა გაიარა.
„ჰოსპიტალური სექტორის მომზადება დიდი ხანია, დავიწყეთ, ეპიდემიის პირველივე დღეებიდან. გასული სამი-ოთხი თვის განმავლობაში ჰოსპიტალურმა სექტორმა სერიოზული გამოცდა გაიარა. მართალია დიდი რაოდენობა პაციენტების არ იყო, თუმცა ეს პერიოდი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ მომზადდა ქსელი ანუ გამოცდილება შეიძინეს.
ასევე შეიქმნა პირადი დაცვის საშუალებების მარაგები, ინფექციის კონტროლის პირობები გაუმჯობესდა, ასევე განახლდა აღჭურვილობა, განსაკუთრებით სუნთქვის აპარატების მობილიზება მოხდა დამატებით. დღეს ჩვენ მობილიზებული გვრჩება 680 საწოლი, გვრჩებას ვამბობ, რადგან გასულ პერიოდში 1 200 საწოლი გვქონდა მობილიზებული. ამ ეტაპზე ამდენის საჭიროება არ არის და 680 საწოლი არის მობილიზებული მხოლოდ „კოვიდის“ და ცხელების მიზნებისთვის. დღეს დაახლოებით 60%-მდე არის დატვირთული ამ საწოლების.
ამასთან, ვმუშაობთ ასევე საკარანტინო სივრცეებში პაციენტების მეთვალყურეობის მოდელის ამოქმედებაზე და დღეს და ხვალ ეს მოდელი ამოქმედდება თბილისში, ქუთაისში და ბათუმში, რაც ითვალისწინებს იმას, რომ მსუბუქი პაციენტები, რომლებსაც შეეძლოთ, ბინაზეც ემკურნალათ, ბინაზე დარჩენის ნაცვლად საკარანტინო სივრცეებში იქნებიან მეთვალყურეობის ქვეშ. ბევრ მოქალაქეს არ აქვს უბრალოდ ბინაზე იმის პირობები, რომ თვითიზოლაციაში იყოს და შესაბამისი მეთვალყურეობა მიიღოს. ის გადავა საკარანტინო სივრცეში, სადაც მორიგეობენ 24 საათის განმავლობაში სამედიცინო ბრიგადები და მათ გაუწევენ მეთვალყურეობას“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ქვეყანაში ტესტების საკმარისი მარაგია.
„მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ტესტების შესყიდვის მექანიზმი სრულად გამართულია და ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს მილიონამდე ტესტის შესყიდვა რაც სრულად დაფარავს ჩვენი ტესტირების საჭიროებებს წლის ბოლომდე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.