თამარ გაბუნია - ეპიდვითარების სტაბილიზაციის ნიშნები არის, პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ, მაგრამ ახლა მთავარია, რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიური მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკი უკვე დადგა და ახლა მთავარია, რამდენად სწრაფი იქნება დაღმასვლის ტემპმი.
გაბუნიას თქმით, ეს კი დამოკიდებულია პრევენციული ღონისძიებების ინტენსივობაზე, ვაქცინაციის პროცესში აქტიურობასა და იმაზე, თუ სად გაწყდება ვირუსის გადაცემის ჯაჭვი.
„როგორც ეპიდემიური მაჩვენებლები მიუთთებს, პიკი გარკვეულწილად უკვე დადგა, უნდა ვიყოთ ახლა დაღმასვლის პერიოდში, მაგრამ აქ მთავარია, თუ რამდენად სწრაფი იქნება დაღმასვლის ტემპი. ეს კვირა გვაჩვენებს, პლატო შენარჩუნდება, თუ გვექნება შემცირების გარკვეული ტენდენციები. ეს დამოკიდებულია პრევენციული ღონისძიებების ინტენსივობაზე, ვაქცინაციის აქტივობასა და იმაზე, თუ სად გაწყდება გადაცემის ჯაჭვი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიამ აღნიშნა, რომ ეპიდვითარების სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები იკვეთება.
„არის სტაბილიზაციის კარკვეული ნიშნები, ვიმეორებ, ჩვენ პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ და ახლა იწყება დაღმასვლის ეტაპი, მთავარია, რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ გარდაცვალების შემთხვევების კლებას გარკვეული პერიოდი სჭირდება.
„დაახლოებით 2 კვირა არის ის პერიოდი, როცა შემთხვევების სტაბილიზაციას შემდგე უკვე მოჰყვება გარდაცვალების სტაბილიზაცია. ასე რომ, ჩვენი მოლოდინიც არის, რომ ოქტომბრის დასაწყისი მშვიდი უნდა იყოს, თუმცა მანამდე საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა მოგვიწეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.