თამარ გაბუნია - დღეს არსებული ვაქცინების შეზღუდული რაოდენობა რომ გავფანტოთ და მივმართოთ არა რისკ-ჯგუფების, არამედ ნებისმიერი მსურველისკენ, შედეგი ნაკლებად ეფექტური იქნება
თამარ გაბუნია - დღეს არსებული ვაქცინების შეზღუდული რაოდენობა რომ გავფანტოთ და მივმართოთ არა რისკ-ჯგუფების, არამედ ნებისმიერი მსურველისკენ, შედეგი ნაკლებად ეფექტური იქნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს მუშაობა, არის რისკებზე ორიენტირებული.

„რისკის დონის მიხედვით განისაზღვრება პრიორიტეტული ჯგუფები. მნიშვნელოვანია, გარკვეუწილად გავყვეთ ამ ეტაპობრიობას, რადგან ჩვენ რომ გავფანტოთ იმ ვაქცინების შეზღუდული რაოდენობა, რომელიც დღეს გვაქვს და მივმართოთ არა მიზნობრივი რისკ-ჯგუფებისკენ, არამედ ნებისმიერი მსურველისკენ, შედეგი ამასაც ექნება, მაგრამ იქნება ნაკლებად ეფექტური. ამდენად, მნიშვნელოვანია, ჩვენ შევინარჩუნოთ და გავზარდოთ მოცვა როგორც ქრონიკული დაავადების მქონე პირებში, ასევე ხანდაზმულებში“, – აღნიშნა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ვაქცინების მოწოდება გაგრძელდება როგორც „კოვაქსის“ პლატფორმიდან, ასევე რამდენიმე მიმართულებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს პირდაპირ მომწოდებლებთან.

„ივნის-ივლისში ველოდებით დამატებით რაოდენობებს და ვფიქრობთ, უკვე ივლისიდან შესაძლებელი იქნება მეტად ფართო ჯგუფების მოცვა, თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დადგეს დამატებითი ჯგუფების ჩართულობის საკითხი“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნია აღნიშნავს, რომ მოქალაქეების მხრიდან ვაქცინაციისთვის მიმართვიანობა იზრდება.

„ჩვენი პროგრამა ძალიან რთულად დაიწყო და ტრაგიკული ეპიზოდის შემდეგ, რასაც მოჰყვა ჩვენი კოლეგის გარდაცვალება, გარკვეული დრო დასჭირდა, ვაქცინაციის პროგრამის მიმართ ნდობა აღდგენილიყო. ვაქცინაციაში ჩართული პირების რაოდენობა ყოველ დღე მზარდია, განსაკუთრებით თბილისში. აქტივობის 70 პროცენტი მოდის თბილისზე. რეგიონში აქტივობა გასაზრდელია, ყოველდღიურად მზარდი რაოდენობა იმ მოქალაქეების, რომლებიც მიმართავს ვქცინაციის პროგრამას, მიუთითებს, რომ ვაქცინაციის პროგრამა იმ ჯგუფებში, ვისთანაც დღეს ტარდება, ნამდვილად მიზნობრივია და ჯერჯერობით ამ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხად გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა საკმარისი რაოდენობითაა და ყოველდღიურად ემატება ახალი ჰოსპიტლები, ახალი ბრიგადებით.

„გუშინ საღამოს დამეტა 6 ახალი ბრიგადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ასევე რამდენიმე საავადმყოფო ემზადება, რომ კვირის ბოლომდე ჩაერთოს ვაქცინაციის პროგრამაში.დღეს უკვე დილიდან გაჩნდა რეგიატრაციის შესაძლებლობა, 15 აპრილიდან ყველას შეუძლია, დარეგისტრირდეს, საკმარისი ადგილებია და ვაქცინაც ჯერჯერობით საკმარისია“, – დასძინა თამარ გაბუნიამ.

გარდა ამისა, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ერთი შემთხვევა იყო, როდესაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ახალქალაქიდან დაიბრუნა ვაქცინები, რადგან ხარჯვა იყო დაბალი.

„ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული, სხვაგვარი მიდგომაა საჭირო, რომ მოსახლეობის მოლოდინი და მოთხოვნა, რა ტიპის ვაქცინა იქნება მათთვის მისაღები, შევისწავლოთ და ამის მიხედვით გავაგრძელოთ ვაქცინაციის პროგრამა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.