თამარ გაბუნია - ცოტა ხნის წინ დადასტურებული კორონავირუსის სამი შემთხვევა არ არის მეოთხეული გადაცემა
ცოტა ხნის წინ დადასტურებული სამი შემთხვევა არ არის მეოთხეული გადაცემა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
„ახალგამოვლენილი ექვსი შემთხვევა კავშირშია ძველ შემთხვევებთან, ანუ ყველა ამ შემთხვევას ერთი ხაზი უკავშირდება, ხოლო რაც შეეხება ცოტა ხნის წინ დადასტურებულ სამ შემთხვევას, ეს შემთხვევებიც ცნობილ კონტაქტებს უკავშირდება. ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, კონკრეტულად ვის უკავშირდება, თუმცა, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური შესწავლა და მოგვიანებით ესეც გვეცოდინება. ეს არ არის მეოთხეული გადაცემა, რადგან ეს არის კონტაქტების ჯგუფში ჩატარებული შედეგები და ჯერ კვლავ ვრჩებით ცნობილი კლასტერების ფარგლებში“, – განაცხადა გაბუნიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ცნობილი 50-მდე საეჭვო ნიმუშის პასუხი, რომელიც მარნეულიდან თბილისში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გადმოყვანილი პაციენტის კონტაქტებს უკავშირდება, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ნაწილის პასუხი ცნობილია.
„გუშინ, ორმოცი შემთხვევიდან ოთხი იყო მარნეულის კლასტერთან დაკავშირებული დადებითი შემთხვევა. დანარჩენის კვლევები მიმდინარეობს და როცა ყველა კონტაქტის გამოკვლევა დასრულდება, საბოლოოდ, ეპიდემიის გავრცელების რისკების შესაფასებლად უკეთესი სურათი გვექნება“, – განაცხადა გაბუნიამ.
შეკითხვაზე, გაკონტროლებულია თუ არა ამ ეტაპზე ყველა კლასტერი და უნდა ველოდოთ თუ არა ე.წ მეოთხეული გადაცემის რისკების ზრდას, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ კონტაქტების გამოკვლევა მაქსიმალური სიზუსტით ხდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს თეორიული ალბათობა, რომ რომელიმე კონტაქტი მიუკვლეველი დარჩეს.
„აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ კონტაქტებს შორის რისკის დონე განსხვავებულია. ყველაზე მაღალი რისკის არის მჭიდრო, ახლო კონტაქტები. აქ საუბარია ოჯახის წევრებზე და იმ პირებზე, ვინც დაინფიცირებულ ადამიანთან დიდ დროს ატარებს. პირველი რიგის კონტაქტების შესწავლა მაქსიმალურად სრულად ხდება და ამ მხრივ, რისკები ბოლომდე მართულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.