თამარ გაბუნია - ბინაზე მყოფ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უტარდებათ სიმპტომური მკურნალობა, რამე განსაკუთრებული მათ არ სჭირდებათ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, არსებობს პროტოკოლი, რომლითაც განსაზღვრულია მსუბუქი, საშუალო და მძიმე შემთხვევების მკურნალობის მეთოდი.
გაბუნიას თქმით, მსუბუქ შემთხვევებში მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა ხდება. გაბუნიას განმარტებით, საუბარია პაციენტებზე, რომლებიც ბინაზე რჩებიან.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ასეთ პაციენტებს კომპიუტერული ტომოგრაფია არ უტარდებათ.
„ჩვენ გვაქვს „გაიდლაინი“, სადაც განსაზღვრულია, რა ხდება მსუბუქ შემთხვევებში, როგორ უნდა მოვიქცეთ საშუალო სიმძიმის და მძიმე შემთხვევებში. მსუბუქ შემთხვევებში ნაჩვენებია მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. ეს არის ის შემთხვევები, რომლებიც რჩებიან ბინაზე. ჩვენ უკვე ბევრი პაციენტი გვყავს, რომელიც ბინაზე რჩება. მათ, რა თქმა უნდა, არ უტარდებათ კომპიუტერული ტომოგრაფია, თუ ეს გამოხატული სიმპტომებით არ არის ნაჩვენები. ისინი იტარებენ სიმპტომურ მკურნალობას სიცხისთვის, ხველისთვის და ბინაზე რჩებიან. მათ არც ანტიბიოტიკოთერაპია სჭირდებათ და არც სხვა რამე განსაკუთრებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეეხება საშუალო სიმძიმისა და მძიმე პაციენტებს, გაბუნიას განმარტებით, ამ შემთხვევაში პროტოკოლის თანახმად განსაზღვრულია კომპიუტერული ტომოგრაფია, როგორც ერთ-ერთი კვლევა.
„ექიმის გადაწყვეტილებით ირჩევა ის პაციენტი, ვისაც უნდა ჩაუტარდეს კომპიუტერული ტომოგრაფია, რაც აჩვენებს ფილტვის დაზიანების ხარისხს. ეს პროგნოზულად გვაძლევს იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რამდენად მოსალოდნელია გართულებები. ეს არის სრულად კლინიკური გადაწყვეტილება, რომელიც გამყარებულია პროტოკოლის რეკომენდაციებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.