თამარ გაბუნია - ბათუმში დღეს ყველაფერი კეთდება, რათა სტაბილიზაციას მივაღწიოთ, ეპიდემიის კონტროლი შესაძლებელია
კორონავირუსის შემთხვევების მატების ძირითადი ნაწილი არის ბათუმის ხარჯზე, გვაქვს ლოკალიზებული ეპიდემია, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, ვთქვათ, რომ ეპიდემიის კონტროლი შესაძლებელია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ჩვენთვის მთავარი, სამედიცინო სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, რათა ყველა კოვიდ ინფიცირებულს ჰქონდეს წვდომა შესაბამის მომსახურებასთან.
„შემთხვევების მატება გრძელდება და შემთხვევების მატების ძირითადი ნაწილი არის კვლავაც ბათუმის ხარჯზე. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ლოკალიზებული ეპიდემია, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, ვთქვათ, რომ ეპიდემიის კონტროლი შესაძლებელია. რადგან გაფანტული სახე ეპიდემიას არ აქვს. ბათუმში დღეს ყველაფერი კეთდება, რათა სტაბილიზაციას მივაღწიოთ. ამის გარკვეული ნიშნებიც არის, რადგან შემთხვევების მატების მიუხედავად, გეომეტრიული პროგრესიით მატება არ ხდება. ამდენად ეს ნიშნავს იმას, რომ შემზღუდავი ღონისძიებები, რაც დავიწყეთ, გარკვეულ შედეგებს გვაძლევს. დღეს ჩვენთვის მთავარი არის ხარისხი სამედიცინო სერვისების და ის, რომ ყველა კოვიდ ინფიცირებულს ჰქონდეს წვდომა შესაბამის მომსახურებასთან. კრიტიკული პაციენტების მართვა მნიშვნელოვანია ძალიან, სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევა იყო გარდაცვალების, რაც უკავშირდებოდა დამძიმებულ ანამნეზს“,- განაცხადა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ აჭარაში სიტუაციის სტაბილიზაციას დრო სჭირდება, სულ მცირე ორი კვირა, რომ რაღაც შედეგი დავინახოთ.
„ტექნოლოგიური ბაზა ბათუმში არის ძალიან კარგი. ექიმების გუნდი არის ძალიან კარგი. ერთი კვირის განმავლობაში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გუნდი მუშაობდა რეანიმაციაზე ასპექტით. რაც გაგრძელდება, აუცილებლად. დამატებით მოხდა ასევე მობილიზება რეანიმატოლოგების, რადგან არ მივიღოთ გადაღლა სამედიცინო სექტორის.
ამ სიტუაციაში გარკვეული დრო დასჭირდება ჯერ სტაბილიზაციას. სულ მცირე ორი კვირა სჭირდება იმას, რომ ჩვენ რაღაც შედეგი დავინახოთ. სიტუაცია კონტროლირებადია იმდენად, რამდენადაც კონტაქტების მოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ყველა საეჭვო ინფიცირებულის იზოლაცია ხდება, რაც არის პირველი ბერკეტი, რომ აღვკვეთოთ გავრცელება“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
გაბუნიას განმარტებით, მნიშვნელოვანია, რაციონალურად გამოვიყენოთ საწოლფონდი. მისივე თქმით, აუცილებელია, ჰოსპიტალში მივიდნენ მხოლოდ ის პაციენტები, რომლებსაც რეალურად სჭირდებათ ჰოსპიტალური დახმარება და კრიტიკული მართვა.
„ამ შემთხვევაში, ჩვენთვის მთავარია, რაციონალურად გამოვიყენოთ საწოლფონდი და ჰოსპიტალში მივიდნენ მხოლოდ ის პაციენტები, რომლებსაც რეალურად სჭირდებათ ჰოსპიტალური დახმარება, მით უმეტეს კრიტიკული მოვლა და რეანიმაციული დახმარება. ვამატებთ კიდევ საწოლფონდს ამ მიმართულებით, კრიტიკული მედიცინის მიმართულებით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რათა იყოს მეტი შესაძლებლობა, თუ კი ამის საჭიროება გაჩნდა. აჭარაში მუდმივად ვცდილობთ, რომ 60-80 საწოლი იყოს თავისუფალი დღის განმავლობაში. გარკვეული რესურსი კიდევ არსებობს იმ კლინიკების სახით, ვინც დღეს პროგრამაში ჩართული არ არის და ასევე პერსონალის გადასვლა კოვიდ სასტუმროებში, რაც არის ერთგვარი საველე ანალოგი. ესეც არის გამოსავალი, იქ არიან სიმპტომური პაციენტებიც, მაგრამ შესაძლებელია მათი მონიტორინგი. ამდენად, ვთვლით, რომ პრევენციულ ზომებთან ერთად, რომელიც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ეპიდემიის უკონტროლო ზრდა არ მივიღოთ და არ უნდა მივიღოთ, ამ შემთხვევაში ის საწოლფონდი, რაც გვაქვს, არის საკმარისად მყარი გარანტია, რათა გადატვირთვა არ უნდა გვქონდეს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.