თამარ გაბუნია - „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის ძველებურ რეჟიმს ძალიან მალე დავუბრუნდებით
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამჟამად „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმ პირების ვაქცინაცია მიმდინარეობს, რომლებსაც პირველი აცრიდან 10-12-კვირიანი პერიოდი გაუვიდათ.
გაბუნიას თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებით დოზებს ქვეყანა უახლოეს დღეებში მიიღებს.
„ასტრაზენეკაზე“ ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით და აბსოლუტურად გამორიცხულია იმის ალბათობა, რომ ეს პრეპარატი მოკლე ხანში, უახლოეს დღეებში არ ჩამოვიდეს ქვეყანაში. ძალიან მალე დავუბრუნდებით „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის ძველებურ რეჟიმს“, – განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება ვაქცინების შერევას, გაბუნიას განმარტებით, აღნიშნული საკითხი სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად განიხილება, თუმცა ჯერჯერობით საქართველოში ამ ტიპის მოდელი აცრის კალენდარში გათვალისწინებული არ არის.
„შერეული მოდელი, ანუ ვაქცინების შერევა სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად განიხილება და კვლევის მონაცემები იმასაც კი ადასტურებენ, რომ „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლოა, უფრო მყარი იმუნიტეტის გამომწვევი იყოს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, კალენდარში ამ ტიპის მოდელი ჯერ არ არის გათვალისწინებული. ამასთან დაკავშირებით იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი იმსჯელებს, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ დაგვჭირდება ეს გადაწყვეტილება, როგორც გამოსვაალი, „ასტრაზენეკას“ დეფიციტიდან გამომდინარე, მაგრამ თუ ამ მოდელის ეფექტურობა დადასტურდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას ფართოდ გასცემს, მაშინ ჩვენი ექსპერტების ჯგუფიც იმსჯელებს, რამდენად შეგვიძლია, ამაზე ვიფიქროთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველო ივლისში ვაქცინების მილიონზე მეტ დოზას მიიღებს.
„ივლისში ველოდებით ოთხივე ვაქცინის მილიონზე მეტ დოზას, მოწოდება გაგრძელდება აგვისტოსა და სექტემბერში. ხელშეკრულებების ფარგლებში, „კოვაქსის“გარდა, სულ შეძენილია ვაქცინის 2 მილიონ ნახევარზე მეტი დოზა. ეს არის „სინოფარმის“ , „სინოვაკის“, „ფაიზერის“ ვაქცინა, კოვაქსის პლატფორმიდან „ასტრაზენეკა“. ასევე, დაგეგმილია სხვა მწარმოებლის ვაქცინების შეძენა, რომელიც მოსალოდნელია, რომ შემოდგომისთვის შემოვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.