თამარ გაბუნია - არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ანტისხეულებით ტესტირებისას თავიდან დადებითი პასუხი იქნება და „პისიარით“ არ დადასტურდება, ეს ამ ტესტების მახასიათებელია
არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ანტისხეულებით ტესტირებისას თავიდან დადებითი პასუხი იქნება და „პისიარით“ არ დადასტურდება, ეს ამ ტესტების მახასიათებელია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სავალდებულო ჯგუფების ტესტირებისთვის საჭირო ტესტების ორი თვის მარაგი ქვეყანაში უკვე არსებობს. მისივე თქმით, წლის ბოლომდე ეტაპობრივად მოხდება მარაგების შევსება.
გაბუნია აღნიშნავს, რომ აქცენტი კეთდება სწრაფ ტესტებზეც, როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე დამყარებულზე.
„ცოტა ხნის წინ 50 ათასი ანტიგენტესტი ჩამოვიდა ქვეყანაში და ახლა სწორედ განისაზღვრება ამ ტესტების გამოყენებისთვის ოპტიმალური მოდელი, რომელიც იქნება მეტად ორიენტირებული იმ ჯგუფებზე, სადაც ჩვენ გვჭირდება პასუხის მიღება ძალიან მოკლე პერიოდში. ეს არ იქნება ჰოსპიტალური პაციენტები, რაც შესაძლოა დაექვემდებაროს სტანდარტულ „პისიარ“ ტესტირებას.
რაც შეეხება ანტისხეულებით ტესტირებას, ბოლო ხანებში გარკვეული მღელვარება გამოიწვია იმან, რომ ანტისხეულების ტესტირების ფონზე გვქონდა ცრუ დადებითი შედეგები. ეს არის ამ ტესტების მახასიათებელი და ერთ-ერთი ლიმიტაცია, რაც თავიდანვე ცნობილია. ამ ტესტების მგრძნობელობა არ აღემატება 85 პროცენტს, რაც ნიშნავს, რომ გარკვეულ პროცენტში ჩვენ შეიძლება, მივიღოთ ცრუ დადებითი შედეგები. ამდენად, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ თავიდან დადებითი ტესტი იქნება და შემდეგ ეს „პისიარით“ არ დადასტურდება. სიფრთხილე ჯობს, ვიდრე ის, რომ გამოგვრჩეს რომელიმე შემთხვევაში ინფიცირებული ადამიანი.
ამდენად, ანტისხეულებით ტესტირებას ჩვენ მაინც ვიყენებთ, როგორც დამხმარე საშუალებას. ამით გაგრძელდება დიფერენციარული დიაგნოსტიკის მიზნით ტესტირება, როგორც პაციენტებში, ასევე გარკვეულ შემთხვევებში იმ პირებში, ვინც დატოვებს საკარანტინე სივრცეს და ნაჩვენებია მათთვის ამ ტიპის ტესტირება ალგორითმის მიხედვით. ასევე, შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში სამედიცინო პერსონალშიც“, – აცხადებს თამარ გაბუნია.
მისივე თქმით, ყველა სახის ტესტი, რომელიც ამ დროისთვის მოწოდებულია „კოვიდის“ სადიაგნოსტიკოდ, ქვეყანაში არსებობს.
„ალგორითმი არეგულირებს, როგორ უნდა მოხდეს ამ ტესტების გამოყენება და საკმაოდ კარგი, მაღალი მზაობა არსებობს ლაბორატორიული ქსელის მხრიდან იმისთვის, რომ ოქროს სტანდარტი – „პისიარ“ ტესტი ჩატარდეს დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით. ჩვენი სამიზნე არის დაახლოებით სამი ათასი ადამიანი დღეში. ვფიქრობთ, რომ სადღაც ერთ თვეში, ექვს კვირაში, ახლა თუ ორ ათასს გადააჭარბა ჩატარებული ტესტების რაოდენობამ, ეს რაოდენობა კიდევ მეტად გაიზრდება და სამი ათასი იქნება. ეს არის ის სამიზნე, რომელზეც ვმუშაობთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, თამარ გაბუნიამ კომენტარი გააკეთა გეგმაზე, რომელიც საზღვრების გახსნის შემდეგ არის გათვალისწინებული და საზღვარზევე ადამიანებისთვის სწრაფი ტესტის გაკეთებას ითვალისწინებს.
„ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ჩვენთვის საინტერესოა სხვა ქვეყნების გამოცდილება. ევროპის ქვეყნებმაც დაიწყეს უკვე ამ მოდელის დანერგვა. შევჯერდებით, კონსულტაციები გვაქვს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომელი იქნება ყველაზე ოპტიმალური ტესტირების მეთოდი სწრაფი პასუხს მისაღებად და განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოგზაურს არ მოუხდეს დიდხანს დაყოვნება საზღვარზე. ამდენად, ვფიქრობ, ამაზე გარკვეული დრო დაგვჭირდება და გვექნება უფრო კონკრეტული დამუშავებული მოდელი მომდევნო კვირის განმავლობაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.