თამარ გაბუნია - არ მინდა, თეორიულ ვარიანტშიც კი განვიხილო სცენარი, როდესაც წესებს არ დავიცავთ და დაველოდებით, რამდენად გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა პიკთან დაკავშირებულ შემოტევას
თამარ გაბუნია - არ მინდა, თეორიულ ვარიანტშიც კი განვიხილო სცენარი, როდესაც წესებს არ დავიცავთ და დაველოდებით, რამდენად გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა პიკთან დაკავშირებულ შემოტევას

არ მინდა, თეორიულ ვარიანტშიც კი განვიხილო ის სცენარი, როდესაც წესებს, რატომღაც არ დავიცავთ და დაველოდებით, რამდენად გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა პიკთან დაკავშირებულ შემოტევას, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „მოამბის“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად მზად არის საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მოვლენების ყველაზე უარესი სცენარით განვითარების შემთხვევაში.

„მართალი გითხრათ, არც მინდა, დავუშვა იმის ალბათობა, რომ არ იქნება დაცული რეკომენდაციები, რომლის დაცვაც აუცილებელია. ყველანაირი პირობა არსებობს იმისთვის, რომ სოციალური დისტანცირების ზომები მაქსიმალურად შენარჩუნდეს და არ მინდა, დავუშვა იმის ალბათობა, რომ ის, რაც აქამდე გაკეთდა, რაღაც მიზეზის გამო არ შენარჩუნდება, რადგან ეს ისევ ჩვენ ხელშია და თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, დაიცვას სოციალური დისტანცირების წესი, რომელიც ვიცით, რომ უნდა დავიცვათ“, – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ჯანდაცვის სექტორი დიდი ხანია, ემზადება იმისთვის, რომ სისტემას შესაფერისი პასუხის საშუალება ჰქონდეს, თუმცა, ეს პასუხი ეფექტური იმ შემთხვევაში იქნება, თუ სოციალური დისტანცირების შედეგად ეპიდემიის ეტაპობრივ, ნელ გავრცელებას მივიღებთ.

„მოსალოდნელი პიკის გადატანა არა მხოლოდ ჩვენს სისტემას, არამედ ნებისმიერ სისტემას გაუჭირდება, თუ ეს პიკი უკონტროლო იქნება. ამიტომ, იმისთვის, რომ გავუძლოთ და ეს ეპიდემია რეალურად გადავიტანოთ, ერთადერთი გზა არის პრევენციის ის ზომები, რომელსაც დღეს ვახორციელებთ და, რომელიც ბოლომდე უნდა დავიცვათ“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, სისტემის მზაობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მობილიზებულია პირველადი ჯანდაცვა და ჰოსპიტალური ქსელი.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა დამატებითი ზომებია მიღებული იმისთვის, რომ მედპერსონალის დაავადების რისკი მინიმალური იყოს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სამედიცინო პერსონალი ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არის და სისტემის მთავარი ყურადღება სწორედ აქეთკენაა მიმართული, რომ მედპერსონალს თავდაცვისთვის საჭირო ყველა აღჭურვილობა ჰქონდეს.

„საბედნიეროდ, მოხერხდა საკმარისი მარაგების მობილიზება და სამინისტრო ამ მარაგებს ცენტრალიზებულად ანაწილებს. პირველ რიგში, იმ კლინიკებში, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ და ასევე, შეძლებისდაგვარად, სხვა კლინიკებშიც. გარკვეული მარაგები ამ კლინიკებს თავადაც ჰქონდათ. ასევე მნიშვნელოვანია პირადი დაცვის საშუალებების სწორი გამოყენება და მედპერსონალი ინფორმირებულია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ აღჭურვილობის სწორად გამოყენება“, – განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ დატვირთული რეჟიმის, დაძაბულობის, გადაღლილობისა და ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, აღჭურვილობის მოხმარებასთან დაკავშირებით, გარკვეულ მომენტში შეცდომა მაინც შეიძლება, იქნას დაშვებული.

„ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელიც აღწერილია ბევრ ქვეყანაში და, რამაც სამედიცინო პერსონალის დაინფიცირება გამოიწვია. ამდენად, ჩვენი რეკომენდაცია აქაც ისაა, რომ სამედიცინო პერსონალს მუშაობის ადეკვატური რეჟიმი ჰქონდეს, რათა თავიდან ავიცილოთ იმ პერსონალის გადაღლა-გადატვირთვა, ვინც კოვიდკლინიკებში და ცხელების კლინიკებში მუშაობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.