თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები კლინიკებისთვის, დარღვევების შემთხვევაში, ჯარიმების გაორმაგებას, ასევე ნებართვისა და ლიცენზიის შეჩერების მექანიზმს ითვალისწინებს
დღეს ჩვენ გვაქვს მხოლოდ ლიცენზიისა და ნებართვის გაუქმების მექანიზმი, რაც დგება სამჯერ დაჯარიმების შემდეგ, თუ მაინც გამოუსწორებელი რჩება დარღვევა, სამჯერ დაჯარიმება არის გახანძგლივებული პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„საჯარიმო სანქციები დღესაც მოქმედებს, მაგრამ ჯარიმების ოდენობა იმდენად ნომინალურია, რომ კლინიკას ხშირ შემთხვევაში ურჩევნია, ჯარიმა გადაიხადოს, ვიდრე გააკეთოს ინვესტიცია კონკრეტული დარღვევის აღმოფხვრის კუთხით. იგივე შეიძლება ითქვას ფარმაცევტული სექტორის შესახებ. ეს შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურაში ინვესტიცია, ინფექციის კონტროლის პირობების გაუმჯობესება და ა.შ. ბუნებრივია, ეს ქმნის რისკის მატარებელ გარემოში კლინიკის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ მეტ რისკებს პაციენტის უსაფრთხოებისთვის. აქედან გამომდინარე, ჯარიმებს პრევენციული ეფექტი უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, პრევენციული ეფექტის გაძლიერებისთვის ცვლილებებით შემოთავაზებულია ჯარიმების თითქმის გაორმაგება, ასევე დაფიქსირება ერთ ზღვარზე.
„დღეს არის ზღვარი 100 ლარიდან 10 000 ლარამდე ზოგიერთი დარღვევისთვის, რაც ქმნის ბუნდოვანებას როგორც კლინიკის, ასევე მარეგულირებლისთვის. ამ შემთხვევაში დაფიქსირებულია თითო საჯარიმო ოდენობა, რაც კლინიკამ უნდა გადაიხადოს კონკრეტული დარღვევის შემთხვევაში, როგორებიცაა უკანონო საექიმო საქმიანობა, ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე საქმიანობა, სანებართვო სალიცენზიო პირობების დარღვევა, მათ შორის, მაღალი რისკის საქმიანობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დარღვევა“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი მომენტია ლიცენზიის და ნებართვის შეჩერების მექანიზმი.
„დღეს ჩვენ გვაქვს მხოლოდ ლიცენზიისა და ნებართვის გაუქმების მექანიზმი, რაც დგება სამჯერ დაჯარიმების შემდეგ, თუ მაინც გამოუსწორებელი რჩება დარღვევა. სამჯერ დაჯარიმება არის გახანძგლივებული პროცესი. კლინიკა ჯარიმდება პირველად, მეორედ, მესამედ, დარღვევა ადგილზე რჩება, რისკის შემცველი გარემოებები არ აღმოიფხვრება ამ პერიოდში. ამდენად ეს პაციენტის უსაფრთხოებისთვის არის რისკის შემცველი გარემოება. აქედან გამომდინარე, ლიცენზიისა და ნებართვის შეჩერება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მარეგულირებელმა დააფიქსიროს კრიტიკული შეუსაბამობა და თუ კრიტიკული შეუსაბამობა დროში გახანგრძლივდა, ვერ აღმოიფხვრა, უკვე დააყენოს საკითხი. ლიცენზიის, ნებართვის შეჩერების შემთხვევაში, სასამართლოს დასტური სჭირდება ამას, 24 საათში მოსამართლემ უნდა დაადასტუროს, რომ ნამდვილად არის გარემოებები, რაც მნიშვნელოვანი და მიზანშეწონილია, რათა შეჩერდეს ნებართვისა და ლიცენზიის მოქმედება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.