თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მედიკამენტებით უზრუნველყოფის ინტეგრირებული პროგრამა არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მედიკამენტებით უზრუნველყოფის ინტეგრირებული პროგრამა არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის

​ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მედიკამენტებით უზრუნველყოფის ინტეგრირებული პროგრამა არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის. მისი თქმით, ინტეგრირებული მოდელის პირობებში, მედიკამენტი უფრო მეტი სააფთიაქო წერტილიდან გაიცემა, ვიდრე დღეს არის. თამარ გაბუნიამ დღეს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა თავიდან 20 მილიონი ლარის ღირებულებით დაიგეგმა, წელს კი 10 მლნ ლარია განსაზღვრული.

„ძალიან დიდი ნაკადი მოვიდა აგვისტო-სექტემბერში. შემდეგ ეს ეტაპობრივად შემცირდა, თუმცა ცნობილია, რომ ზოგიერთი მედიკამენტი უბრალოდ გამოილია და დეფიციტური გახდა ბაზარზე. მიმდინარე ხარვეზების ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებისთვის პროგრამის მექანიზმი შეიცვალა და დღეს ჩვენ უკვე ვსაუბრობთ საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამაში ინტეგრირებულ მექანიზმზე.

ახალი მექანიზმი უფრო საიმედო, მდგრადი და თავისუფალია ასეთი ხარვეზებისგან. საერთაშორისო გამოცდილება ამაზე მიუთითებს და იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო გამოცდილება ჩვენს რეალობაში წარმატებული იქნება.

ბიუჯეტი თავიდან დაიგეგმა 20 მილიონი ლარით. ზოგიერთ შემთხვევაში ზოგიერთი მედიკამენტის მოხმარება დიდი იყო, ზოგ შემთხვევაში – ნაკლები. იყო ფაქტორები, რომელიც უკავშირდებოდა საინფორმაციო კამპანიის სისუსტეს. ყველა ეს ფაქტორი განაპირობებდა სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა დონის ხარჯვას, ზოგიერთ შემთხვევაში ხარჯვა იყო მაღალი, ზოგ შემთხვევაში იყო დაბალი.

წელს პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია 10 მილიონი ლარით, რაც ვფიქრობთ, არის შესაბამისობაში იმასთან, რისი საჭიროებაც არსებობს დღევანდელი მოხმარებიდან გამომდინარე. თუმცა სამომავლოდ ეს საჭიროება კიდევ გადაფასდება და გაიზრდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჭიაბერაშვილმა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში არსებულ პრობლემებზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ჭიაბერაშვილის თქმით, 2019 წლის აგვისტოდან მოყოლებული, იკლებს პროგრამის მოსარგებლედ დარეგისტრირებულთა რაოდენობა იმ დროს, როდესაც წამლის ყიდვა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. მისი თქმით, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით, მედიკამენტების პროგრამაზე გამოყოფილი 14 მილიონი ლარიდან ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ შვიდი მლნ ლარი ჰქონდა ათვისებული.