თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსით 19 წლის პაციენტის გარდაცვალების საქმეს სპეციალური ჯგუფი შეისწავლის
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსით 19 წლის პაციენტის გარდაცვალების საქმეს სპეციალური ჯგუფი შეისწავლის.
თამარ გაბუნიამ სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილი გოგონას ოჯახს.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია და მინდა, თანგრძნობა გამოვხატო ოჯახის მიმართ. ნამდვილად ძალიან შემაშფოთებელია ეს ამბავი. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრომ დილიდან დაიწყო სრულიად მოკვლევა იმ ყველა ეტაპის, რა ეტაპიც გაიარა პაციენტმა. ყველა ეტაპზე მოხდება დეტალური ანალიზი იმ მიმდინარე პროცესის, რომელიც იქნა გაწეული. კლინიკური აუდიტის ჯგუფი სამინისტროში მუშაობს გარდაცვალების შემთხვევების თაობაზე და რა თქმა უნდა, ეს ფაქტი განსაკუთრებული ყურადღებით და უმოკლეს ვადაში იქნება შესწავლილი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
როგორც თამარ გაბუნია აცხადებს, როდესაც დიაგნოზი დაისვა, თავიდან გოგონას ჩაუტარდა ოჯახის ექიმის კონსულტაცია.
„შემდეგ მოხდა მისი გადაყვანა კოვიდსასტუმროში. კოვიდსასტუმროდან გადაყვანილ იქნა კლინიკური კვლევებისთვის. მდგომარეობა თავდაპირველად იყო სტაბილური, შემდეგ მოხდა მისი გადაყვანა კლინიკური კვლევებისთვის და როდესაც დაბრუნდა ისევ კოვიდსასტუმროში მდგომარეობა დამძიმდა სწრაფად. მაშინვე მოხდა ბავშვის ჰოსპიტალიზაცია და იქ რამდენიმე დღე დაყო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, შემდეგ დადგა ეს გამოსავალი.
ზოგადად, სამინისტროს პროტოკოლი ითვალისწინებს თანმხლები დაავადებების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციას გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და შეიძლება მისი მართვა მოხერხდეს კოვიდსასტუმროში. იმ დაშვებით, რომ კლინიკური გამოკვლევები მას ჩაუტარდება კოვიდსასტუმროდანაც. რამდენადაც მე მესმის, ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ექიმის შეფასებით მდგომარეობა ჩაითვალა, რომ იყო სტაბილური და საწყის ეტაპზე პაციენტს მიეცა რეკომენდაცია კოვიდსასტუმროში მკურნალობის. მაშინვე მოხდა მისი გადაყვანა კვლევებისთვის დამატებითი სიმძიმის შეფასების მიზნით. ოჯახის ექიმზეა საუბარი. რადგან სამინისტროს პროტოკოლის თანახმად, ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარება ის პირი, რომელსაც აქვს ასაკი 65 წელზე მეტი, არის ბავშვი ერთ წლამდე ასაკის და აქვს თანხმლები დაავადებები – ეს პირები ექვემდებარებიან ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ ექიმის დისკრეციაა ის, რომ შეაფასოს კლინიკური მდგომარეობა და თუ საჭიროდ ჩათვლის, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტიც ითხოვს ან ბინაზე დარჩენას ან სასტუმროში გადაყვანას. ამ შემთხვევაში, ესეც არის დასაშვები ექიმის გადაწყვეტილებით, რადგან არის ბევრი კლინიკური ფაქტორი, რომელიც ექიმმა უნდა გაითვალისწინოს და ამდენად, აქ ექიმის შეფასება და გადაწყვეტილება არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ყველა დეტალს, რომელიც ამ შემთხვევას უკავშირდება, სამინისტრო შეისწავლის, მათ შორის გამოძახების სიზუსტეს ანუ გამოძახების თარიღს, ასევე დროს და იმას, თუ რამდენად სწრაფად მოხდა რეაგირება და რას უკავშირდება და უკავშირდება თუ არა ეს შემთხვევა იმას, რომ რომელიმე ეტაპზე რაიმე სახის ჩარევა დაგვიანდა“, – განაცხადა გაბუნიამ.