თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევათა მატების მიუხედავად, სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, სწავლის დაწყების თარიღის გადადების საფუძველი არ არსებობს.
მისივე თქმით, ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა დაამტკიცეს, რომ თუკი სკოლის გარემოში ეპიდემიოლოგიურ წესებსა და რეკომენდაციებს სათანადოდ დაიცავენ, ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით სკოლა მაღალი რისკის მატარებელი სულაც არ არის.
„ის, რომ ჩვენ გვაქვს კორონავირუსის შემთხვევების გარკვეული მატება დღეების განმავლობაში, არ არის ჯერ კიდევ საფუძველი, რომ ვისაუბროთ ფართომასშტაბიან შეზღუდვებზე ქვეყანაში, რაც იქნებოდა, დავუშვათ, საფუძველი სწავლის დაწყების თარიღის გადადების.
ვიცით ზუსტად კლასტერები, კონტაქტები. რა თქმა უნდა, არანაირი საფუძველი არ არის იმისა, რომ შევქმნათ განგაშის წითელი ზონა და ვიფიქროთ იმაზე, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებზე ვისაუბროთ. თუმცა, ვითარება იცვლება და ამიტომ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან ერთად, მუდმივად ვართ ყველა უწყებასთან კავშირში და იმედია, მივა ეს პროცესი სწავლის დაწყებამდე და შემდეგაც გაგრძელდება.
კარგი არის ის, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა მტკიცებულებები ამერიკის „სიდისიდან“ და ასევე სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციებიდან იმასთან დაკავშირებით, რომ თავად სკოლის გარემო მაღალი რისკის მატარებელი კოვიდის გავრცელებისთვის არ იქნება, თუკი მოხდება იმ წესების დაცვა, რასაც გვთავაზობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და რაც ასახულია ჩვენს რეკომენდაციებში. ამდენად, ვფიქრობთ, უსაფრთხოდ სწავლის დაწყება და გაგრძელება არის რეალური პერსპექტივა და ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.