თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის მოწყობილობებს უახლოეს მომავალში შეიძენს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, თამარ გაბუნია და ილია ღუდუშაური დიაბეტით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა შაქრიანი დიაბეტი ტიპი I-ით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებისა და სენსორების შესყიდვაზე ისაუბრეს, რომლის შეძენასაც სამინისტრო უახლოეს მომავალში გეგმავს.
მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე დაწყებულია ბაზრის კვლევა, რომლის დასრულების შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი და გაფორმდება ხელშეკრულება. შეხვედრას ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი თამარ მელიქიძე და ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ეკატერინე ადამია ესწრებოდნენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურების“ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება იფარება სრულად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.