თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სამინისტრო შეისწავლის, რამ გამოიწვია ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის მოზარდის მდგომარეობის დამძიმება და მისი გარდაცვალება.
მინისტრის მოადგილის თქმით, მოზარდი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა და მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, სხვა კლინიკაში გადაჰყავდათ, რა დროსაც გარდაიცვალა.
„ძალიან სამწუხარო შემთხვევაა და უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ ოჯახის მიმართ. ბავშვის მდგომარეობა პირველი დღიდან საყურადღებო იყო. ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როცა გადაჰყავდათ სხვა კლინიკაში. მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, კლინიკამ საჭიროდ ჩათვალა გადამისამართება. სწორედ ამ დროს მოხდა ეს ფაქტი. ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას. ბავშვს, მდგომარეობიდან გამომდინარე, ადგილზე ყველა შესაბამისი დახმარება უტარდებოდა. ჩვენ შევისწავლით კლინიკურად, თუ რამ გამოიწვია ბავშვის მდგომარეობის დამძიმება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მოზარდი მშობელმა ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში შაბათს მიიყვანა და მას „კოვიდ-19“ კლინიკაში დაუდასტურდა. კვლევების შედეგად, მას დაუფიქსირდა ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა.
„ამის შემდეგ მკურნალობა ადგილზე გაგრძელდა, დღეს კი ბავშვის თბილისში გადმოყვანის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა გზაში მისი მდგომარეობა დამძიმდა და რეანიმობილში. მიღებული ზომების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.
ჰქონდა თუ არა ბავშვს რაიმე ქრონიკული დაავადება, ცენტრში აღნიშნულ ინფორმაციას, კონფიდენციალობის დაცვის მიზნით, არ ასაჯაროებენ.