თამარ გაბუნია - 2025 წლის ბოლოსთვის გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციაზე
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზნობრივი პროგრამაა, რომელიც ქვეყანაში 2015 წლიდან ამოქმედდა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, პროგრამის შექმნის დღიდან მკურნალობაში ჩაერთო 81,184 ადამიანი, აქედან უკვე განიკურნა 56 772 პაციენტი.
„თუ 2015 წელს დაავადების მაჩვენებელი მოსახლეობის 5.4% იყო, 2021 წელს შემცირდა 1.8%-მდე, ანუ 67%-ით. ეს იყო მართლაც გარდამტეხი პროგრამა, რომელმაც დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. 2025 წლის ბოლოსთვის გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციაზე“,- განაცხადა გაბუნიამ.
მისივე განმარტებით, წლიდან წლამდე იზრდება პროგრამის ბიუჯეტი, რადგან მიზნობრივი პროგრამებისა და, მათ შორის, C ჰეპატიტის ელიმინაციის ეფექტურად განსახორციელებლად აუცილებელია შესაფერისი რესურსების მობილიზება, თანამედროვე დიაგნოსტიკური საშუალებების სწრაფად დანერგვა და ახალ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა.
„ამ მზარდი რესურსებით სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეებმა ისარგებლონ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის თუ სხვა მიზნობრივი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებით. ამით მოსახლეობას შესაძლებლობას ვაძლევთ, მიიღონ როგორც პრევენციული სერვისები, ისე დაცულები იყვნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკებისგან, ვგულისხმობ, ტუბერკულოზს, აივ/შიდსს, C ჰეპატიტს, B ჰეპატიტს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი 1 451 747 000 ლარია, აქედან 880 მილიონი ლარით – საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, დანარჩენი თანხით კი სხვადასხვა მიზნობრივი თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, მათ შორის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაფინანსდება.
ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.