თამარ გაბუნია - 17 წლის გოგოს გარდაცვალება არ უკავშირდება კორონავირუსს, ეს არის დეზინფორმაცია, რაც დანაშაულის ტოლფასია
17 წლის გოგოს გარდაცვალება არ უკავშირდება კორონავირუსს. სასწრაფოს რეაგირება იყო მყისიერი და საუბედუროდ, უკვე ლეტალური შემთხვევა იყო დამდგარი. კონკრეტულად, თუ რამ გამოიწვია, ეს დადგინდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
გაბუნია ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს 17 წლის ახალგაზრდა კორონავირუსით გარდაიცვალა და აღნიშნა, რომ აღნიშნული დეზინფორმაციაა.
„ამ ტიპის დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ ისედაც დაძაბულ და რთულ პირობებში კიდევ უფრო მეტი პანიკა გამოიწვიოს მოსახლეობაში, რაც დამაზარალებელია და დანაშაულის ტოლფასია, რადგან ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და პანიკის გარეშე კოორდინირებულად მივყვეთ იმ პროცედურებს, რომელიც არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის დეზინფორმაციისგან მაქსიმალურად თავი შევიკავოთ და ჩვენც ყოველთვის ვცდილობთ, როგორც კი არის ასეთი ცრუ ინფორმაცია, მოხდეს განმარტება“, – განაცხადა გაბუნიამ.