თამარ ჟვანია - ზუგდიდის ინციდენტი შესაძლოა, არჩევნებს საერთოდ არ უკავშირდებოდეს
ზუგდიდში გუშინ მომხდარი ინციდენტი იყო ქუჩაში მომხდარი შელაპარაკება, რომელიც შესაძლოა, არჩევნების ღონისძიებას საერთოდ არ უკავშირდებოდა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა.
როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია და მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში ჯერ არც ერთი საჩივარი არ შესულა.
„რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი, ეს არ ყოფილა საკამპანიო ღონისძიებაზე მომხდარი ინციდენტი, ეს იყო ქუჩაში მომხდარი შელაპარაკება, რომელიც შეიძლება პირდაპირ არჩევნების ღონისძიებას არ უკავშირდებოდა. მინდა, ვთხოვო ყველა ჩართულ მხარეს, როგორც დღემდე მოვედით მშვიდად და არანაირი პრობლემა არ გვქონია, ყველანაირი ძალადობისგან შორს. მშვიდად ჩავატაროთ არჩევნები“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ზუგდიდში გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი – პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე, ასევე პარტიის ერთ-ერთი წევრი მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა. მოგვიანებით, პოლიციამ პატარაია და წითლიძე გაათავისუფლა, ხოლო მანუჩარ ჩხეტია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.