„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ზუგდიდის პოლიციამ პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და ენმ-ს კიდევ ორი წევრი დააკავა
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ზუგდიდის პოლიციამ პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და ენმ-ს კიდევ ორი წევრი დააკავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის“, აკო მინაშვილის ინფორმაციით, ენმ-ს პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე და ენმ-ს ერთ-ერთი აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია ზუგდიდში დააკავეს.

დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი გიორგი პატარაიას ტელეფონით ესაუბრა. როგორც პატარაიამ განაცხადა, ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთაში სანდრა რულოვსთან შეხვედრის დროს ორი ავტომანქანით იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც პატარაის თქმით, შეხვედრის ხელისშეშლას ცდილობდნენ.

„ამის შემდეგ სანდრა რულოვსი პარტიის ლიდერებთან ერთად წავიდა სოფელ ნარაზემში. სადაც ერთი მანქანა გამოგვყვა. მანქანა გავაჩერეთ და შევეცადეთ გაგვეგო, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ“,- განაცხადა პატარაიამ.

აკო მინაშვილი ამბობს, რომ მათი პარტიის წევრების დაკავება პროვოკაციაა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, დეტალებზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.