თამარ ჟვანია - ვიმუშავებთ ბევრს, რათა შემდგომი საარჩევნო პერიოდისთვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შევასრულოთ
უნდა განვასხვავოთ, რა შეიძლება გააკეთოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და რა შეიძლება იყოს, პოლიტიკური კონსენსუსისა და საკანონმდებლო ჭრილში გადასაწყვეტი, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს „იუესეიდის“ ახალი, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია იმ რეკომენდაციებს გაიზიარებს, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი საარჩევნო ციკლისთვის.
„რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას, რა თქმა უნდა, ამ კუთხით, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ანგარიშებშიც არის ასახული, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ წარმატებულად და პროფესიულად შეძლო არჩევნების ადმინისტრირება. თუმცა ის შენიშვნები, მოსაზრებები და რეკომენდაციები ჩვენთვისაც, საარჩევნო ადმინისტრაციისთვისაც მნიშვნელოვანია. ცხადია, პარტნიორებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად განვიხილავთ, მათთან ერთად ვიმუშავებთ ბევრს, რომ სწორედ ის რეკომენდაციები შევასრულოთ და ის მოსაზრებები გავითვალისწინოთ, რაც მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი საარჩევნო ციკლისთვის“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
„იუესეიდი“ საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის ახალ ოთხწლიან პროგრამას იწყებს. პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 14 მილიონი დოლარია, საერთაშორისო და ადგილობრივ ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესების ჩამოყალიბებას.
პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიება სახელწოდებით „ერთი წელი 2020 წლის არჩევნებამდე: მოქალაქეებზე ორიენტირებული პოლიტიკა“ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ იმართება.