თამარ ჟვანია - საარჩევნო ადმინისტრაციის თვალსაზრისით დაგეგმილ ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში ვიმსჯელებთ
საარჩევნო ადმინისტრაციის თვალსაზრისით, ბევრი თემაა, რომელსაც გავივლით და ჯგუფის ფორმატში ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა.
ცესკო-ს ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობას გააუმჯობესებს.
„არის უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე კონკრეტული პერიმეტრის განსაზღვრა, როცა იქ სააგიტაციო-საარჩევნო მასალის განთავსება იკრძალება. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებაა ადმინისტრაციული რესურსებისა და კამპანიის, დარღვევების შესწავლაზე კონკრეტული ვადების შემცირება. მხარდამჭერთა ხელმოწერის ნაწილშიც არის ცვლილება. მნიშვნელოვანი
მუხლია სიძულვილის ენა და ჩანაწერები კეთდება. ეს საკითხები ჩვენს ინტერესებშია.
დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ნაბიჯები საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისკენ იქნება გადადგმული“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა.