თამარ ჟვანია - დაგვიანებით გაჟღერებული, მაგრამ უკვე საჯაროდ გამოტანილი რეალობა, იმედია, შეცვლის იმ დამოკიდებულებებს, რომლებმაც დიდი ზიანი მიაყენა საარჩევნო ადმინისტრაციას, მთლიანად საარჩევნო პროცესს და ქვეყანას
თამარ ჟვანია - დაგვიანებით გაჟღერებული, მაგრამ უკვე საჯაროდ გამოტანილი რეალობა, იმედია, შეცვლის იმ დამოკიდებულებებს, რომლებმაც დიდი ზიანი მიაყენა საარჩევნო ადმინისტრაციას, მთლიანად საარჩევნო პროცესს და ქვეყანას

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„დღეს, როდესაც უკვე ყველასთვის ცნობილი გახდა „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის (pvt) დაზუსტებული შედეგები, რომელიც მყარად ადასტურებს, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები ზუსტია, არ შემიძლია არ გავიხსენო განვლილი მძიმე დღეები, ტალახის სროლა, ბრალდებები, შეურაცხყოფა, „ბულინგი“ და მუქარა რაც ცესკო-ს მიმართ, პირადად ჩემზე და მთელს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ხორციელდებოდა. დაგვიანებით გაჟღერებული, მაგრამ უკვე საჯაროდ გამოტანილი რეალობა, იმედი მაქვს შეცვლის იმ დამოკიდებულებებს, რომლებმაც ყოვლად უსაფუძვლოდ დიდი ზიანი მიაყენა საარჩევნო ადმინისტრაციას და რაც ყველაზე სამწუხაროა, მთლიანად საარჩევნო პროცესს და ქვეყანას.

იმედია, თითოეული ის ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად უაპელაციოდ დამნაშავეებად გვაცხადებდა, შეცვლის თავის დამოკიდებულებას და გაიაზრებს, რომ სიმართლე არასდროს იკარგება; ხოლო ისინი, რომლებიც პირდაპირ მუქარას ახორციელებდნენ, მიიღებენ შესაბამის პასუხს.

ამასთან, იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და მის ხელმძღვანელობაზე განხორციელებული ზეწოლის პირობებში არ გაკეთებულა შესაბამისი მხარდამჭერი განცხადებები, ჩემთვის პირადად და მთელი ადმინისტრაციისთვის მიუღებელია და ვგმობთ შეტევებს, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სხვა ჩართული მხარეების მიმართ. ყოველთვის მჯეროდა, რომ ყველაზე დიდი ღირსება ის არის, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ სიმართლის დაცვა, სიმართლის აღიარება და სიმართლის რწმენით ცხოვრება“, – აცხადებს ჟვანია.

ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გუშინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.

დღეს, როდესაც უკვე ყველასთვის ცნობილი გახდა „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის (pvt) დაზუსტებული შედეგები,…

Posted by თამარ ჟვანია on შაბათი, 12 დეკემბერი, 2020