თამარ ჟვანია აცხადებს, რომ მზად არის, პარლამენტში ინტერპელაციის წესით ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს
მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი, – ასე გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებას პარლამენტში ინტერპელაციის წესით მის დაბარებასთან დაკავშირებით.
„მინდა, გამოვეხმაურო ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აღვნიშნო, რომ როგორც ყოველთვის, მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი. უფრო მეტიც – მნიშვნელოვანია და ჩვენს ინტერესშია, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია. ყოველთვის მივესალმები დიალოგს ნებისმიერი ფორმით“, – დაწერა თამარ ჟვანიამ „ფეისბუქის“ გვერდზე.
ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ინტერპელაციის წესით საკანონმდებლო ორგანოში დაიბარა.