„ნაციონალური მოძრაობა“ თამარ ჟვანიას ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს
„ნაციონალური მოძრაობა“ თამარ ჟვანიას ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ინტერპელაციის წესით საკანონმდებლო ორგანოში იბარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა.

„ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს პარლამენტს ოფიციალურად მიმართა და ინტერპელაციის წესით ვიბარებთ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას, რათა მან პარლამენტის წინაშე გასცეს პასუხი, თუ რატომ არ ახდენს საარჩევნო კომისია რეაგირებას იმ დარღვევებზე, რომელსაც ჩვენ მრავალი წელია, ვხედავთ და მათ შორის იმ ძალადობაზე, რასაც დღეს, საარჩევნო კამპანიის პერიოდში სჩადიან, თუნდაც იგივე ზუგდიდში. უნდა გაგვცეს პასუხი, თუ რატომ გადაიქცა ცენტრალური საარჩევნო კომისია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ერთ-ერთ დანამატად“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, პარლამენტში მისვლა და ზემოაღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა თამარ ჟვანიას 31 მაისს მოუწევს.