თამარ ჩუგოშვილმა ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას დისკრიმინაციული უწოდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას დისკრიმინაციული უწოდა. საუბარია ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივაზე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. კვიციანი კანონიდან ტერმინების – „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითხოვს.
ემზარ კვიციანმა პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ კანონს, რომელშიც ცვლილებების შეტანას ითხოვს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უკანონობის დაკანონება უწოდა.
„უწმინდესმა ბრძანა, რომ ეს არის უკანონობის დაკანონება და არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას“,- აღნიშნა კვიციანმა.
თამარ ჩუგოშვილმა, რომელსაც პარლამენტის სხდომა მიჰყავს, ემზარ კვიციანის მიკროფონი გამოართვევინა.
„ბატონო ემზარ, თქვენი ხმა არ ისმის და როგორც სხდომის წამყვანი, გახსენებთ პარლამენტის წევრის ეთიკის ელემენტარულ პრინციპებს. თქვენ არ გაქვთ დისკრიმინაციული გამოსვლების უფლება. თქვენ ეს რომ ვერ მოახერხეთ, მე ეს არ მიკვირს, რადგან თქვენი ინიციატივა არის სრულიად დისკრიმინაციული. ეს რომ არ გამოგივიდოდათ, ამაში გასაკვირი არაფერი იყო, მაგრამ სცადეთ მაინც, ცოტა ეთიკურად გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები საკუთარ ინიციატივასთან დაკავშირებით. როგორც სხდომის წამყვანი, გახსენებთ კანონის მოთხოვნებს“, – მიმართა ემზარ კვიციანს თამარ ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილის თქმით, მთლიანად კვიციანის ინიციატივა არის დისკრიმინაციული და მას მხარი არ დაუჭირა ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, რითიც ძალიან სწორად მოიქცა.
კანონპროექტთან დაკავშირებით დეპუტატებს კითხვები ჰქონდათ. თამარ ჩუგოშვილმა, რომელსაც სხდომა მიჰყავდა, ეთიკის ნორმები კოლეგებსაც შეახსენა.
„გიკითხავთ კანონის მუხლს – პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია დისკრიმინაციული გამოსვლები, გთხოვთ გაითვალისწინოთ ყველამ კითხვების დასმის დროსაც და შეფასებების გაკეთების დროსაც“, – მიმართა კოლეგებს თამარ ჩუგოშვილმა.