თამარ ჩუგოშვილი - ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა ოკუპაციის პრობლემას შეეხებოდა
თამარ ჩუგოშვილი - ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა ოკუპაციის პრობლემას შეეხებოდა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრაზე  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხო საუბარი.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, ეს იყო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი შეხვედრა, მათი მოწოდებითა და მათი ხელშეწყობით.

„შეხვედრა ოკუპაციის პრობლემას შეეხებოდა. დანარჩენი, რაც შეეხება შეხვედრის დეტალებს თუ შედეგებს, ეს მინისტრმა უნდა თქვას”, – დასძინა თამარ ჩუგოშვილმა.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შესახებ კონსულტაციები შედგა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან. „გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგანაც პირველი შესაძლებლობა იქნებოდა, ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი. ჩვენ ვიმსჯელეთ ყველაფერზე, ძირითადი თემა იყო დეოკუპაცია, უკანონო ბორდერიზაცია, ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ბევრი პრობლემური საკითხი, მათ შორის, რაც არის დაკავშირებული ჟენევის მოლაპარაკებებთან, საქართველოს პოზიციასთან და რუსეთის დამოკიდებულებასთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.