თამარ ჩუგოშვილი - ვიზალიბერალიზაციის პროცესში ახლა მთავარი გამოწვევა თავშესაფრის მოთხოვნის საკითხია
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ერთი წელია, რაც საქართველოს მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში თავისუფლად, უვიზოდ გადაადგილდებიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.
დეპუტატის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ 250 ათასჯერ შევიდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.
აღნიშნული პროცესის მთავარი გამოწვევა კი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის შეფასებით, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა საკითხია.
„მთავარი გამოწვევა რაც გვაქვს, ეს თავშესაფრის მოთხოვნაა, რომელსაც ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე იყენებს და სამწუხაროდ, ბოროტად. ამ თვალსაზრისით, გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ, მათ შორის გვარის შეცვლის სისტემის გართულების მხრივ. ბევრმა ქვეყანამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში გადაიყვანა, რაც ჩვენთვის დაცვის გარანტიაა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან პოლიციის ატაშეები ევროპის ქვეყნებსა და დედაქალაქებში ძალიან სერიოზულად მუშაობენ, მათი მუშაობით ევროკავშირის წევრი ქვეყნები კმაყოფილი არიან, რაც ყველა შეხვედრაზე ფიქსირდება.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან დღეს ერთი წელი გავიდა.