შექმნილ სიტუაციას კრიზისთან საერთო არაფერი აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ძალიან მძიმე სიტყვები ძალიან მარტივად გამოიყენება ხოლმე. ნელ-ნელა, ყველა უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ არჩევნებში მაინცდამაინც 60-70%-ით არგამარჯვება და ერთი სუბიექტის მიერ სრული ძალაუფლების არმოპოვება არანაირი კრიზისი არ არის. კრიზისი არის მაშინ, როცა საკანონმდებლო, ან აღმასრულებელი ხელისუფლება უუნაროა, გადაწყვეტილება მიიღოს. ეს კი, ჩვენ არანაირად არ გვაქვს, არც გვექნება და ჰორიზონტზეც კი არ გვემუქრება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ამ განცხადებით თამარ ჩუგოშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, პირველი ტურის შედეგების ფონზე, არის თუ არა მმართველ გუნდში კრიზისი, როგორც ამას „ქართული ოცნების“ ოპონენტები აცხადებენ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა ცვლილებებს უნდა ელოდოს ამომრჩეველი არჩევნების მეორე ტურამდე, როგორია „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა არჩევნების მეორე ტურისთვის და როგორ წარიმართება წინასაარჩევნო კამპანია მეორე რაუნდში, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას უნდა უთხრას, რომ მათი გზავნილი ძალიან კარგად მიიღო და ეს გზავნილი ქმედებებში გადააქვს, საარჩევნო კამპანიის შესახებ კი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ისაუბრებს.
როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, სოციალურ ქსელებში გაჩნდა აზრი, რომ ადამიანებმა არჩევნებში მონაწილეობის მოტივაცია დაკარგეს, რადგან მეორე ტურში დამდგარი შედეგი არ მოსწონთ, მაგრამ ქართულ საზოგადოებას მეორე ტურში ძალიან მკაფიო არჩევანი აქვს – მძიმე წარსულში დაბრუნება, ან მომავალი.