თამარ ჩუგოშვილი - საზოგადოებას აგრესიისა და სიძულვილის მიმართ მიმღებლობა არ აქვს და ეს გამოიხატება არჩევნების შედეგებში
თამარ ჩუგოშვილი - საზოგადოებას აგრესიისა და სიძულვილის მიმართ მიმღებლობა არ აქვს და ეს გამოიხატება არჩევნების შედეგებში

საზოგადოებას აგრესიისა და სიძულვილის მიმართ მიმღებლობა არ აქვს და ეს გამოიხატება არჩევნების შედეგებში, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, დღეს ოპოზიციის მხრიდან აგრესიის, სიძულვილისა და ღვარძლის შემცველი განცხადებები გაკეთდა.

ამასთან, თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა თინა ბოკუჩავას კომენტარს, რომლის მიხედვითაც, „გასულ კვირას ამერიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტისას გამოქვეყნდა უმძიმესი ანგარიში ერთ-ერთი ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე კვლევითი ცენტრისგან“. ბოკუჩავას თქმით, კვლევაში საუბარია, რომ „2012 წლის შემდეგ საქართველოს სპეცსამსახურები ივსება რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებით“. „ეს ადასტურებს, რომ სინამდვილეში „ქართული ოცნება“ არის რუსული ოცნება, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი არის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური პროექტი. გასაკვირი ის იყო, რა პასუხებიც ჩვენ მოვისმინეთ ივანიშვილის რეჟიმის ყველაზე მონდომებული ხელისდამფარებლებისგან, ჩუგოშვილისგან, რომ არ ენდობოდა ამ ანგარიშს და საერთოდ არც კი გაუგია მისი ავტორების შესახებ“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

„ქალბატონ თინა ბოკუჩავას მინდა ვუთხრა, რომ სხვა დროს ჩემი ციტირება სწორად გააკეთოს და თავის სიტყვებს მე ნუ მომაწერს, რადგან იმ ადამიანებთან, რომლებიც მას ალბათ მხოლოდ სმენია, კომუნიკაცია მშვენივრად გამომდის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.