თამარ ჩუგოშვილი - საზოგადოება ცოტა დავაბნიეთ, როდესაც შიდა ოპერირებისა და მუშაობის თემებზე საუბარი საჯარო სივრცეში გადავიდა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის შიგნით არსებულ ჯგუფებზე საუბარი არასწორია.
როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, საზოგადოება ცოტა დაიბნა, როდესაც შიდა ოპერირებისა და მუშაობის თემებზე საუბარი საჯარო სივრცეში გადავიდა.
„ბოლო დღეების განმავლობაში, ჩემი გვარი სრულიად გაუგებარ კონტექსტში ეთერით არაერთხელ მოვისმინე და მედიაში ამოვიკითხე. ჯგუფებს ვარ მიკუთვნებული და ამ ფორმით ინფორმაციის მოსმენა ჩემთვისაც სიურპრიზია. ყველა კოლეგას პატივს ვცემ და მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. არ მგონია, რომ ასეთი სახის დაჯგუფებებზე საუბარი სწორი იყოს. ვფიქრობ, ყოველთვის არის სივრცე, რომ კომუნიკაცია გაუმჯობესდეს. შეიძლება, ჩემს საქმიანობაშიც რაღაც დავხვეწო და მუშაობა გავაუმჯობესო“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, საერთო პროცესის გაჯანსაღებისთვის, თუნდაც კრიტიკული მოსაზრებების მოსმენა სასარგებლოა ხოლმე.
„ამას ასე აღვიქვამ. უკეთესი იქნებოდა, ამ ყველაფრის განხილვა შიგნით მომხდარიყო, საზოგადოება ცოტა დავაბნიეთ იმით, რომ ჩვენი შიდა ოპერირების და მუშაობის თემებზე საუბარი საჯარო სივრცეში გადავიდა. შეიძლება ეს ყველაფერი ჯანსაღი პროცესისთვის იყოს გამოყენებული. თუკი უმრავლესობაში კომუნიკაციამ უკეთესად უნდა იმუშაოს, მოსაზრებებს მოვისმენთ და დავხვეწთ კიდეც. პარლამენტის თავმჯდომარემ სტრუქტურულად ახსნა, მისი დასაყრდენი ვინ არის. პირველი მოადგილე ვარ და ბუნებრივია, მასთან აქტიურად ვმუშაობ. ეს ასე რომ არ იყოს, პრობლემა იქნებოდა”, – დასძინა ჩუგოშვილმა.