თამარ ჩუგოშვილი - ფაქტობრივად, ყველა წამყვანი ოპოზიციური ლიდერი არის პასუხისგებაში, შინაპატიმრობაში, საპატიმრო დაწესებულებაში ან გამოძიების ქვეშ, ასეთი რამე დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება
დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს ყველა მეგობარი პოლიტიკურ მხარეებს სიტუაციის ნორმალიზებისკენ, შეთანხმებისა და კომპრომისებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის სურვილი ადგილობრივ პოლიტიკურ სივრცეში არ ჩანს.
ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილი ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საკმაოდ დიპლომატიურად გამოხატავს იმ ზოგად განწყობას, რომელიც არსებობს ევროკავშირში, აშშ-სა და პარტნიორებში. მისი თქმით, საქართველოში 2019 წლის ნოემბრიდან დაწყებული მოვლენები სერიოზული წუხილის საგანია პარტნიორებისთვის.
„ალბათ, ეს დღეს გამოვლინდება ევროპარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე და იმ დოკუმენტში, რომელსაც მიიღებენ. თუ პროცესები ასე გაგრძელდება, ბუნებრივია, ეს სერიოზულად დაგვიმძიმებს ურთიერთობას როგორც ევროკავშირთან, ასევე დასავლელ პარტნიორთან. ფაქტობრივად, ყველა განცხადება, რომელიც უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთდა, იმ სერიოზულ კითხვებს გამოხატავს, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს. ეს ასე არ იქნებოდა, ერთი იზოლირებული საქმე რომ იყოს. მოცემულობა გვაქვს, რომ ფაქტობრივად, ყველა წამყვანი ოპოზიციური ლიდერი უკვე არის პასუხისგებაში მიცემული, შინაპატიმრობაში, საპატიმრო დაწესებულებაში ან გამოძიების ქვეშ. ასეთი რამე დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება. გარკვეულწილად, ეს შეუთავსებელია და სხვა ანალოგი არ არის, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი უცებ კრიმინალი აღმოჩნდეს და თან ის გაასამართლოს მართლმსაჯულების სისტემამ, რომელიც სერიოზულად ხარვეზიანია და, რომლის მიმართაც ნდობა არ არსებობს. ეს არის ამ განცხადებებსა და დამოკიდებულებებში ასახული. დაკავებების სერიის გაგრძელება კიდევ უფრო გაამყარებს მძიმე განწყობებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ბოლო პერიოდში დაიწყო. პოზიტიური და მხარდამჭერი განწყობები იყო, რაც ბოლო თვეებში მოტრიალდა და შეიცვალა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი ყურადღებით სწავლობს ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლო განაჩენს. ამასთან განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოში მაღალი ინტერესის მქონე საქმესთან დაკავშირებული სხვა სასამართლო პროცესების მონიტორინგს.