თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს დაცვის ერთადერთი გზა პარტნიორების მხარდაჭერა და მათი ყურადღების ცენტრში ყოფნაა
დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური წრეების გადაწყვეტილებაა, რომ რუსეთის მიმართ მიდგომა გამკაცრდეს და ეს გამოვლენილია სანქციების გამკაცრების ფორმით.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, საქართველოს დაცვის ერთადერთი გზა პარტნიორების მხარდაჭერა და მათი ყურადღების ცენტრში ყოფნაა.
„მარტოს ძალიან გაგვიჭირდება, რომ რუსეთიდან წამოსულ საფრთხეებს გავუმკლავდეთ. როცა ჩვენი პარტნიორები მხარდაჭერას გამოხატავენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ, კონგრესმენებს, რომლებიც წლების განმავლობაში, საქართველოს საკითხზე მუშაობენ და ქვეყნის თხოვნებს ასრულებენ, მათ აგრესიულად და ნეგატიურად არ უნდა მოვექცეთ, რისი შემთხვევაც იყო ბოლო დღეების განმავლობაში”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ინიცირებული ზომები „ჯოჯოხეთის სანქციების“ სახელით არის ცნობილი. დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და უკრაინაზეც. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოუწოდოს რუსეთს, დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას, შეწყვიტოს პრორუსული ძალების ძალადობის მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინაში, შეწყვიტოს ოკუპაცია და რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიაზე.