ენტონი ბლინკენს სენატში სიტყვით გამოსვლა პალესტინის მხარდამჭერებმა რამდენიმეჯერ შეძახილებით შეაწყვეტინეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლა პალესტინის მხარდამჭერებმა შეძახილებით რამდენიმეჯერ შეაწყვეტინეს.

„მას ხელებზე სისხლი აქვს“, „ომის დამნაშავე“, – სკანდირებდნენ პალესტინის მხარდამჭერები.

პოლიციამ მომიტინგეებს სენატის შენობა მალევე დაატოვებინა.

ამასთან, გამოსვლისას ენტონი ბლინკენმა ისრაელის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ორიენტირებულია ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქებაზე.

„ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით მათ ძალისხმევაში, რომ ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარასოდეს განმეორდეს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ბოლო მოეღოს ღაზაში ადამიანთა საშინელ ტანჯვას და თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის გავრცელება. აშშ-ის პრეზიდენტმა მკაფიოდ აღინიშნა ისრაელთან როგორც საჯაროდ, ასევე სხვებთან საუბარში, რომ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს რაფაჰში მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას“, – აღნიშნა ბლინკენმა გამოსვლისას.

მისივე განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია სიამოვნებით იმუშავებს კონგრესთან, რათა ჩამოაყალიბონ პასუხი ისრაელის ლიდერების წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის, ასევე „ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს.  ამასთან, ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის შესახებ ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებას აღმაშფოთებელი უწოდა. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები სანქციების დაწესებასაც განიხილავენ.