თამარ ჩუგოშვილი - საარჩევნო დარღვევებზე სასჯელი მკაცრი იქნება თუ მსუბუქი, თავის მიზანს ვერ მიაღწევს, ვიდრე აღსრულება არ გაუმჯობესდება, რასაც, სამწუხაროდ, ცვლილებები არ უზრუნველყოფს
დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებასა და არჩევნებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა.
მისივე თქმით, სანქციების გამკაცრების საკითხი მაშინ განიხილეს, თუმცა მას უმრავლესობა არ დაეთანხმა.
„შესაბამისად, არ იქნა ჩადებული იმ პაკეტში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტმა მიიღო. რატომ გახდა საჭირო ახლა განცალკევებულად და დაჩქარებული წესით ამ ცლილებების მიღება? ამ კითხვაზე პასუხი მომხსენებლის მხრიდან ვერ მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა დეპუტატმა დასვა ეს კითხვა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილის შეფასებით, რეალურად, პრობლემა არა სასჯელის ზომაში, არამედ მის აღსრულებაშია.
„პრინციპულად მე წინააღმდეგი არ ვარ პასუხისმგებლობის ზომის გამკაცრების, მაგრამ საქმე სხვა რამეშია, პრობლემა სასჯელის ზომაში არ ყოფილა, პრობლემა იყო სასჯელის აღსრულებაში და კანონის იმპლემენტაციაში, ანუ ყველა დამრღვევის მიმართ კანონის თანასწორად და სამართლიანად გამოყენებაში.
ეს არ ხდებოდა და ეს იყო პრობლემა, შესაბამისად, სასჯელი მკაცრი იქნება, თუ მსუბუქი, თავის მიზანს ვერ მიაღწევს, თუ ამის აღსრულება არ მოხდება. სამწუხაროდ, ეს კანონპროექტი აღსრულების გაუმჯობესებას არ უზრუნველყოფს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული. კანონპროექტს პირველი მოსმენით პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.