თამარ ჩუგოშვილი - რთულია თქმა, მიიღებენ თუ არა კანონპროექტს, მაგრამ აშშ-დან ახლა გაფრთხილებაზე ცოტა მეტთან გვაქვს საქმე
თამარ ჩუგოშვილი - რთულია თქმა, მიიღებენ თუ არა კანონპროექტს, მაგრამ აშშ-დან ახლა გაფრთხილებაზე ცოტა მეტთან გვაქვს საქმე

ეს პირველი შემთხვევაა, არ მახსენდება სხვა შემთხვევა, კონგრესს დაეყენებინა საქართველოსთვის თანხის შემცირების ან შეჩერების ინიციატივა, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტზე 2021 ფისკალური წლისთვის.

„როგორც წესი, ყოველთვის, რაც კონგრესიდან ინიცირდება ქვედა თუ ზედა პალატიდან, შეეხებოდა საქართველოსთვის თანხის გაზრდას და არა შემცირებას. ამ ჩანაწერს თუ ჩახედავთ, ეს პირველ რიგში, არის პროექტი, რომელიც ჯერჯერობით კანონად არ არის ქცეული, თუმცა, მისი მხარდაჭერა თუ მოხდება, ის იქცევა უკვე კანონად. შედეგად, მივიღებთ იმას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს ვალდებულება ექნება, კონგრესსა და სენატს მიაწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, საქართველოში სხვადასხვა კუთხით ანტიკორუფციული, სამართლიანი სასამართლოს თუ სხვადასხვა კუთხით რა მდგომარეობაა. მე გეტყვით, ჩემი აზრით, რისი გამოძახილია ეს. თვეების განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, ნუ აქცევთ ყურადღებას, რას ამბობენ პოლიტიკოსები, ნუ აქცევთ ყურადღებას რას ამბობს კონგრესი და სენატი, რადგან მთავარია, რას ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტიო.

თვეებია, ვეუბნებით, რომ ეს შეცდომაა და ნუ ამბობენ ამას, რადგან ამერიკა არ არის ისე მოწყობილი, როგორც საქართველო. იქ კონგრესს უფრო მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე ხელისუფლების, თუნდაც აღმასრულებელ შტოს და არ შეიძლება ამის საუბარი. ჩემი აზრით, ეს არის გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც ამბობდა, არ არის მნიშვნელოვანი, პოლიტიკოსები რას ამბობენ და მთავარია სახელმწიფო დეპარტამენტი, ახლა კონგრესიდან ისრები გადავიდა სახელმწიფო დეპარტამენტისკენ. შესაბამისად, სახელმწიფო დეპარტამენტს დაევალა სწორედ საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან, რომ გაგზავნოს ანგარიში, რა ხდება საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, სამართლიანი სასამართლოს და ბიზნესგარემოს კუთხით და ა.შ. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არის ძალით გამოწვეული ხელისუფლების არაკომპეტენტური და განცხადებებით და ნაბიჯებით“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

ჩუგოშვილის აზრით, ეს გაფრთხილებაზე მეტია.

„გაფრთხილება იყო ის განცხადებები, რომელსაც ვისმენდით. ამიტომ, ახლა უკვე გაფრთხილებაზე ცოტა მეტთან გვაქვს საქმე. წინასწარ იმის თქმა, მიიღებენ თუ არა კანონპროექტს, რთულია. თუ მიიღებენ, ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნება, რადგან ფაქტობრივად გამოვა, საქართველო დაექვემდებარა გარკვეულ სანქცირებას. თანხაში ეს ძალიან დიდი პროცენტი არ არის, მაგრამ ეს არის პრეცედენტი იმისა, რომ გაჩნდა კითხვები, ამერიკის პოლიტიკურმა ორგანომ საქართველოსთვის დაიწყო საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების შემცირება თუ შეჩერება იმის გამო, რომ არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, არ აშენებს სამართლიან სასამართლოს, არ ებრძვის კორუფციას და ა.შ. მე მგონია, რომ ამაზე დიდი გავლენა ექნება სხვადასხვა პროცესებს, რომელიც ქვეყანაში უახლოეს პერიოდში მოხდა. ჩვენ თუ ვნახეთ მედიაში ჩარევა, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და არადემოკრატიული პროცესები, მაშინ ეს ჩანაწერი კანონად აუცილებლად იქცევა და მას სხვა შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი 2021 ფისკალური წლისთვის. აღნიშნული კანონპროექტი სახელმწიფო დეპარტამენტის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და სხვა საერთაშორისო პროგრამებისა და აქტივობების დაფინანსებას ითვალისწინებს. ასიგნებათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული პროექტის თანახმად, საქართველოსთვის გათვალისწინებულია სულ მცირე 132 025 000 დოლარის დაფინანსების გამოყოფა. ამასთან, გამოქვეყნებული დოკუმენტი დაფინანსების ნაწილის შეჩერებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობისთვის გათვალისწინებული დახმარების 15 პროცენტის გამოყოფის ვალდებულება შეიძლება, შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს, რომ ეს მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს: ა) დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად; ბ) მთავრობაში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების გამოყენებით; გ) იმის უზრუნველსალყოფად, რომ კერძო სექტორში კანონის უზენაესობა შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის საუბარია უცხოური ბიზნესის დევნისგან თავისუფალი საქმიანობის, ასევე საქართველოში ჩადებული ინვესტიციების შედეგად მიღებული კომერციული და ფინანსური სარგებლის სრული რეალიზების უფლებების დაცვაზე. ბოლო პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების შეჩერება არ ვრცელდება პროგრამებზე, რომლებიც მხარს უჭერს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ან პროგრამებზე, რომელიც მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებისკენ და მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დაცვისკენ. ამასთანავე, სახელმწიფო მდივანს შეუძლია, უარი თქვას აღნიშნული პუნქტის გამოყენებაზე, თუკი განსაზღვრავს და ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს წარუდგენს, რომ ამის გაკეთება მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის.

დატოვე კომენტარი