თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში როცა მიდის, იყენებს შესაძლებლობას, მანდატის ფარგლებში, ქვეყნის დეკლარირებულ, მთავრობის საგარეო პოლიტიკას მხარდამჭერები მოუმრავლოს
თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში როცა მიდის, იყენებს შესაძლებლობას, მანდატის ფარგლებში, ქვეყნის დეკლარირებულ, მთავრობის საგარეო პოლიტიკას მხარდამჭერები მოუმრავლოს

პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში როცა მიდის, იყენებს შესაძლებლობას, მანდატის ფარგლებში, ქვეყნის დეკლარირებულ, მთავრობის საგარეო პოლიტიკას მხარდამჭერები მოუმრავლოს, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის.

„ჩამოყალიბდა ამგვარი პრაქტიკა, რომ 52-ე მუხლის საფუძველზე მიმართვა ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტი ტოვებდა ქვეყანას და ვიზიტით მიემგზავრებოდა უცხოეთში. ჩემი აზრით, წარდგინებაში სწორედ ამიტომ არის უცხოეთზე აქცენტი. მიუხედავად იმისა, რომ 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება გეოგრაფიასთან საერთოდ არ არის კავშირში და შესაძლებელია, მაგალითად, თბილისში გარკვეული ქმედებების თუ ღონისძიებების განხორციელებითაც შესრულდეს, მაგრამ პრაქტიკა ამდაგვარად ჩამოყალიბდა. მგონი, ვხდებით, რომ რა პრაქტიკაც იყო შექმნილი, სულ მცირე, მას გადახედვა სჭირდება, მაგრამ არის კიდევ ორი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. ერთი – გარდა ცერემონიული ხასიათის ვიზიტებისა, ნახავთ, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში ასევე თან ახლავს ინფორმაცია პარალელურად სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვის შესახებ, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე. როდესაც პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში მიდის, სხვადასხვა ღონისძიებას ესწრება, ქვეყანა უნდა იყოს წარმოდგენილი, ცერემონიული არის თუ როგორიც არის, უამრავი სხვა ქვეყანაა წარმოდგენილი. ასეთ დროს, ბუნებრივია, პრეზიდენტი იყენებს შესაძლებლობას, თავისი მანდატის ფარგლებში, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება, ბევრ ადამიანს დაელაპარაკოს და რაც შეიძლება, ბევრი ადამიანი დაარწმუნოს, რომ ქვეყნის მიერ დეკლარირებულ, მთავრობის მიერ განხორციელებულ საგარეო პოლიტიკას მოუმრავლოს მხარდამჭერები. ყველა ასე მოიქცეოდა, ეს არის მისი საქმე, ეს უნდა აკეთოს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. რატომ აკეთებდა პრეზიდენტი ამას? რადგან მისი გადმოსახედიდან, ეს იყო ერთადერთი შესაძლებლობა, პარლამენტის, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ხელისუფლების ორი შტოს წარმომადგენლებთან ერთად განეხორციელებინა შეხვედრები. მისი სურვილი არ იყო, უბრალოდ, ჩასულიყო და ვიღაცას პირადად დალაპარაკებოდა, არამედ უნდოდა, წარმოდგენილი ვყოფილიყავით როგორც საკანონმდებლო ორგანო, ასევე აღმასრულებელი. შესაბამისად, ამ ტიპის კომუნიკაციები შემდგარიყო ამ ფორმით. ამის მისაღწევად ითხოვდა თანხმობას. ჩემი აზრით, არასწორად მოხდა 52-ე მუხლის განმარტება. პარლამენტიც ამბობს, რომ ეს პრაქტიკა იყო არასწორი. ისინი სხვა კუთხით ფიქრობენ, რომ შეზღუდვის ხარისხი უნდა გაიზარდოს, მაგრამ პრაქტიკა რომ არასწორი იყო, ამას ჩვენც და ისინიც ამბობენ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.