თამარ ჩუგოშვილი - პირობა დადებული გვაქვს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ჩვენს კანონპროექტში სრულად ავსახავთ
პირობა დადებული გვაქვს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ჩვენს კანონპროექტში სრულად ავსახავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვენეციის კომისიას კანონპროექტი დიდი ხანია გადაგზავნილი აქვს და ისინი მუშაობენ. ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს უახლოეს პერიოდში ეწვევა, რომლებიც სხვადასხვა აქტორებს შეხვდებიან, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სხვადასხვა აქტორებისგან გაიგებენ მოსაზრებებს, თუ რას ფიქრობენ ისინი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.
სესია აპრილის ბოლოს არის, რომელზეც ვენეციის კომისიის დასკვნა წარმოდგენილი უნდა იყოს. პირობა დადებული გვაქვს, რომ ამ რეკომენდაციებს ჩვენს კანონპროექტში სრულად ავსახავთ“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.
კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეების შესახებ ირაკლი კობახიძის კანონპროექტზე ვენეციის კომისიას შენიშვნები გადაუგზავნა. კოალიციაში მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას.