კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეების შესახებ ირაკლი კობახიძის კანონპროექტზე ვენეციის კომისიას შენიშვნები გადაუგზავნა
კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეების შესახებ ირაკლი კობახიძის კანონპროექტზე ვენეციის კომისიას შენიშვნები გადაუგზავნა

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ვენეციის კომისიას წერილობითი მოსაზრებები და შენიშვნები გადაუგზავნა. საქმე ეხება პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მომზადებულ კანონპროექტს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით.

კოალიციაში მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. არასამთავრობო ორგანიზაციები ხუთ მნიშვნელოვან ასპექტზე ამახვილებენ ყურადღებას. მათ შორის, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაა.

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრის, სოფო ვერძეულის განცხადებით, აღნიშნული ჩანაწერი კეტავს სასამართლო სისტემას და აძლიერებს ერთპიროვნულ მმართველობას.

„სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი შეუნარჩუნა და დაუტოვა კლანს, იმ გავლენიან ჯგუფს, რომელსაც აქვს სურვილი, რომ მათ მიმართ ლოიალური გამოხატული პირები დანიშნონ უზენაეს სასამართლოში. ჩვენ ეს სურვილი მათი მხრიდან ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ვნახეთ. რასაც ჩვენ კანონპროექტში ვხედავთ, ეს არის მცდელობა, რომ ახლა უკვე ლეგალური გზებით მოხდეს იმ სურვილების რეალიზება, რაც ამ ხალხს ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უნდოდა. ძირითადი პრინციპული საკითხები, რომელშიც ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ წავიდა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წინააღმდეგ, ეს არის კონკურსის ჩამტარებელი პირები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და მცდელობა, რომ კონკურსი ჩაიკეტოს მხოლოდ მოქმედი მოსამართლეებით. ამას უკავშირდება სწორედ საგამოცდო კომპონენტის შემოტანა. გამოცდა არასდროს ყოფილა ვალდებულება უზენაეს სასამართლოს მოსამართლისთვის და ახლა გაჩნდა ეს იდეა, რომ ჩაიკეტოს წრე მხოლოდ იმ ხალხით, ვინც ჩააბარებს საკვალიფიკაციო გამოცდას“,- განაცხადა კოალიციის წევრმა, „იემსის“ მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა სოფო ვერძეულმა.

კოალიცია 39 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შედგება. მათ ვენეციის კომისიას საკუთარი წინადადებებიც გადაუგზავნეს. კანონპროექტთან დაკავშირებით ისინი წერილობით შენიშვნებს ეუთო-ს დემოკრატიულ ინსტიტუტებსაც გაუგზავნიან.

დატოვე კომენტარი