თამარ ჩუგოშვილი - პარტიას გადარჩენა არ სჭირდებოდა, თუმცა მუშაობის პროცესში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო
თამარ ჩუგოშვილი - პარტიას გადარჩენა არ სჭირდებოდა, თუმცა მუშაობის პროცესში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დღევანდელი ყრილობის მიზანია, პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა და ახალ თავმჯდომარედ პარტიის დამფუძნებელი აირჩიონ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის არჩევა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც გავლენას მოახდენს არამხოლოდ პარტიის არსებულ ვითარებაზე, არამედ – ზოგადად პოლიტიკურ პროცესზე.

„დღევანდელი დღე ემსახურება იმას, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა და ახალ თავმჯდომარედ პარტიის დამფუძნებელი ავირჩიოთ. ეს არ არის პატარა ცვლილება, ეს არის დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც გავლენა ექნება როგორც პარტიის შიგნით გარკვეულ პროცესებზე, ასევე ზოგადად პოლიტიკურ პროცესებზე.

ამას ექნება მხოლოდ პოზიტიური გავლენა. მოგვიანებით, პარტიაში გვექნება პოლიტსაბჭოს შეხვედრები და საზოგადოებისთვის ყველაფერი იქნება ცნობილი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამასთან, როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნების სურვილი არ ჰქონდა, თუმცა რატომ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება, ამაზე დღეს თავად ისაუბრებს.

კითხვას სჭირდებოდა თუ არა პარტიას გადარჩენა და ამ მიზნით ხომ არ ბრუნდება ყოფილი პრემიერი პოლიტიკაში, ჩუგოშვილი პასუხობს, რომ პარტიის მუშაობაში ივანიშვილის ჩართულობა მნიშვნელოვანი იყო.

„პარტიას გადარჩენა არ სჭირდებოდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობა დღეს გაიმართება.

ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ. ასევე, არჩეულ იქნება პარტიის ახალი პოლიტსაბჭო.

ყრილობა იმართება სამუშაო ფორმატში და მას პარტიის დელეგატები და პოლიტიკური გუნდის წევრები დაესწრებიან.