პარტია „ქართული ოცნება“ ​ყრილობას დღეს გამართავს
პარტია „ქართული ოცნება“ ​ყრილობას დღეს გამართავს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობა დღეს გაიმართება.

ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ. ასევე, არჩეულ იქნება პარტიის ახალი პოლიტსაბჭო.

ყრილობა იმართება სამუშაო ფორმატში და მას პარტიის დელეგატები და პოლიტიკური გუნდის წევრები დაესწრებიან.

16:00 საათზე დახურულ ფორმატში დაიწყება პროცედურული ნაწილი, ხოლო 17:00 საათიდან მოხდება ყრილობის ოფიციალური ნაწილის ტრანსლირება.

ყრილობის დელეგატებს და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.

ყრილობის დასასრულს დელეგატებს სიტყვით მიმართავს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

ყრილობა მთაწმინდის პარკში, „ანდერვილი“-ში გაიმართება.

პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა კახა კალაძემ უკვე დაასახელა.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობაში წარმოდგენილნი არიან შემდეგი კანდიდატები: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარლამენტში მამუკა მდინარაძე, პარლამენტის წევრები – დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები – მაია ცქიტიშვილი და სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.