თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დაწყების თარიღს კონსტიტუცია განსაზღვრავს
პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დაწყების თარიღს საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლების მოწოდებასთან დაკავშირებით, პარლამენტის დღევანდელი სხდომა გადადებულიყო.
„თებერვლის პირველ სამშაბათს სხდომის გახსნა – ეს კონსტიტუციური ვალდებულებაა და სხდომის გადადება რთულად წარმომედგინა, თუმცა ძალიან ძნელი იყო ნებისმიერ თემაზე საუბარი და მიუხედავად იმისა, რომ ვაპირებდი, ვერ ვისაუბრე სხვა თემებზე, რადგან ემოციურად რთული იყო და ეს სიმძიმე დღევანდელ სხდომას ეტყობა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ბაღდათში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, ოპოზიციამ დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი საპროტესტო ღონისძიებები გააუქმა და ასევე, პარლამენტს სხდომის გადადებისკენ მოუწოდა.
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს პლენარული სხდომით გაიხსნა. დეპუტატებმა სხდომაზე ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი ემსხვერპლა.