თამარ ჩუგოშვილი - ევროკავშირისა და ჩვენი ინტერესები ემთხვევა, რომ ვითარების დაძაბვა კი არ უნდა მოხდეს, არამედ განიმუხტოს და კონფლიქტები მოგვარდეს
ევროკავშირისა და ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, ეს არის ის, რომ ვითარების დაძაბვა და ესკალაცია კი არ უნდა მოხდეს, პირიქით, განიმუხტოს და ამ განმუხტვის ფონზე არსებული პრობლემები, კონფლიქტები მოგვარდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.
ამასთან, როგორც ჩუგოშვილი ამბობს, ოპოზიციის ბრალდებებს, ხელისუფლების არასაკმარის ნაბიჯებთან დაკავშირებით, არ უპასუხებს.
„ოპოზიციას არ ვუპასუხებ, რადგან მათი განცხადებები პასუხსაც არ იმსახურებს. რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირისა და ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა – ეს არის ის, რომ ვითარების დაძაბვა და ესკალაცია კი არ უნდა მოხდეს, პირიქით, განიმუხტოს და ამ განმუხტვის ფონზე არსებული პრობლემები, კონფლიქტები მოგვარდეს.
საკმაოდ მძიმე ზაფხული გვქონდა და მთელი ზაფხულის განმავლობაში, ასევე შემდგომაც, იყო არაერთი მცდელობა, რომ რეალურად ტემპერატურა უფრო აწეულიყო, ჩვენი მხრიდან გარკვეული ნაბიჯების პროვოცირება მომხდარიყო, რომელიც შემდგომ გადაიქცეოდა სერიოზულ პრობლემად ჩვენთვისაც და ყველასთვის. ასეთ პროვოკაციებს არ ვყვებით და მაქსიმალურად ვცდილობთ, საერთაშორისო პარტნიორების გააქტიურებით და ჩართვით ეს ტემპერატურა დავწიოთ. მთავარი ამოცანა ეს არის, რადგან კონფლიქტის ესკალაცია და მძიმე შედეგის მომტანი შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელია“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით განცხადება 10 ნოემბერს გაავრცელა.