თამარ ჩუგოშვილი - მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, ვიმოქმედოთ კანონის დაცვით და არ ავყვეთ პროვოკაციებს, რომლის მცდელობებიც იქნება
ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ისევე, როგორც საქართველოში 2012 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნები, თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზუსტად რვა საათზე დაიწყო ხმის მიცემის პროცესი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, გაიხსნა საარჩევნო უბნები.
„ამ ეტაპისთვის რამე არსებითი ხასიათის ხარვეზები არ არის დაფიქსირებული“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ამასთან, მმართველი გუნდი მიმართავს მოქალაქეებს, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.
„მივმართავთ ჩვენს მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, მიიღოს ყველა ზომა საარჩევნო პროცედურების დასაცავად. მოვუწოდებთ შსს-ს შესაძლო პროვოკაციებისა და ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.
მოვუწოდებთ ასევე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს, არ დაუშვან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და პროვოკაციები, ყველა ასეთ დარღვევაზე იქნება რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან“, -აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, ჩანს მცდელობები გარკვეულ ადგილებზე, რომ პროვოკაციები იქნას ინიცირებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, კონკრეტული პოლიტიკური პარტია საარჩევნო პროცესს მოეკიდოს პასუხისმგებლობით.
ამასთან, მმართველი გუნდი მიმართავს დამკვირვებლებს, სათანადოდ ასახონ დარღვევები, რასაც ადგილი ექნება.
„ასევე, გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიმოქმედოთ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ ავყვეთ პროვოკაციებს, რომლის მცდელობებიც, როგორც ჩანს, დღის განმავლობაში იქნება.
დარწმუნებული ვართ, კიდევ ერთხელ მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოფთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, რაც არა რომელიმე პარტიის, არამედ მთელი ქვეყნის კიდევ ერთი დიდი მონაპოვარი იქნება“, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა, თამარ ჩუგოშვილმა ბრიფინგზე.