თამარ ჩუგოშვილი - მნიშვნელოვანია, არჩევნები წარიმართოს მშვიდ, სამართლიან გარემოში
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, შუალედური არჩევნები წარიმართოს მშვიდ, სამართლიან გარემოში. ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ შუალედურია, საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნებია, რადგან ბევრ საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს. ძირითადად, საარჩევნო გარემო მიმდინარეობს განსაკუთრებული დაძაბულობის გარეშე, მშვიდ ვითარებაში. ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია არჩევნებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფო უწყება მომართულია და მობილიზებულია იმისთვის, რომ ასევე დასრულდეს ეს არჩევნები, კვირა დღის ჩათვლით. მნიშვნელოვანია, არჩევნები წარიმართოს მშვიდ, სამართლიან გარემოში. ამისთვის მომართულია, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვადასხვა უწყება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, ცესკო და შსს თანამშრომლობენ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რათა არჩევნების პროცესში უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი და შესაბამისი საარჩევნო პროცედურები სათანადოდ იყოს დაცული.
„პროცესს საკმაოდ მრავლად აკვირდებიან სადამკვირვებლო ორგანიზაციები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ არჩევნებს და ვფიქრობ, იქნება სწორი და ობიექტური შეფასება მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების. ბუნებრივია, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ბოლომდე წარიმართოს ისეთ მშვიდ ვითარებაში და კიდევ უფრო მეტად, როგორითაც დღემდე მოვედით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამავე დროს, უნდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც დეზინფორმაციული ელემენტები იყო შეტანილი საარჩევნო პროცესში.
ასეთი ელემენტები საარჩევნო გარემოს საკმაოდ აფუჭებს, ქმნის გარკვეულ ტოქსიკურ გარემოს. შესაბამისად, მინდა, მოვუწოდო ყველა სუბიექტს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, რომ ასეთი მეთოდებისგან თავის შეკავებით გავაგრძელოთ არჩევნებში მონაწილეობა და ამომრჩევლებს მივცეთ შესაძლებლობა, ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ ამ პროცესში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, თითოეული ამომრჩევლის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება იყოს გადამწყვეტი საარჩევნო პროცესში.
„მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოვუწოდო ჩვენს ამომრჩევლებს, რომლებიც ცხოვრობენ და რეგისტრირებული არიან იმ ოლქებში, სადაც არჩევნები მიმდინარეობს, რომ აქტიურად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ბუნებრივია, თითოეული ამომრჩევლის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეული ამომრჩევლის ხმა შეიძლება იყოს გადამწყვეტი საარჩევნო პროცესში. შესაბამისად, ყველა მოქალაქის მონაწილეობა, ვისაც ეხება ეს შუალედური არჩევნები, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ვთხოვო მათ, რომ კვირას წავიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ თავიანთი ნება. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და „ქართული ოცნების“ ყველა კანდიდატს ვუსურვო ღირსეული გამარჯვება ამ კვირას გასამართ არჩევნებში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.