თამარ ჩუგოშვილი - მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდეს, არჩევანი წყნარ და მშვიდ ვითარებაში გააკეთოს
დაძაბულობა საარჩევნო პროცესებისთვის ძალიან ცუდ ფონს ქმნის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, საარჩევნო სიებთან დაკავშირებული საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციაა და ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
„საარჩევნო მასალების გადაცემას რაც შეეხება, ამაზე რამის თქმა გამიჭირდება, რადგან საარჩევნო კომისიების კომპეტენციაა და მათ უკეთ იციან. ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, რა მასალა როდის მიეწოდება ცესკო-დან ოლქს და ოლქიდან უბანს. ამიტომ ჩემი
მხრიდან ამაზე საუბარი სწორი არ იქნება. ვფიქრობ, განმარტებას საარჩევნო კომისია გააკეთებს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, ამომრჩეველს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, არჩევანი მშვიდ ვითარებაში გააკეთოს.
„ბუნებრივია, ეს დაძაბულობა ძალიან ცუდია და საარჩევნო პროცესებისთვის ძალიან ცუდ ფონს ქმნის. პირველ რიგში, ჩვენთვის და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდეს, არჩევანი წყნარ და მშვიდ ვითარებაში გააკეთოს.
როგორც ჩანს, ეს რამდენიმე დღე ზუგდიდში დაძაბული იქნება. ვფიქრობთ, ეს იმით არის განპირობებული, რომ ჩვენს კანდიდატს საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს და რა ინფორმაციაც გვაქვს, შანსიც აქვს, რომ არჩევნები მათ შორის პირველ ტურშიც დაამთავროს. თუმცა, ეს წინასწარ ცოტა რთული სათქმელია. ალბათ, ამ ვნებათაღელვის მთავარი მაპროვიცირებელი ეს არის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ყველა შესაბამისი უწყება ორიენტირებულია, რომ წესრიგი უზრუნველყოფილი იყოს.
„რა კომუნიკაციაც სახელმწიფო უწყებებთან მაქვს, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომლის პასუხისმგებლობაცაა წესრიგის შენარჩუნება, ყველა მაქსიმალურად არის მომართული და ორიენტირებული, რომ წესრიგი უზრუნველყოფილი იყოს. როგორც ვიცი, ჩვენი ოპონენტებისგან ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანები არიან მობილიზებული ზუგდიდში სხვადასხვა რეგიონებიდან. გუშინ გააკეთეს განცხადება, რომ 5 ათას კაცზე მეტი არის საქართველოდან ზუგდიდში ჩასული“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი რაოდენობით ადამიანების მობილიზება არ ემსახურება იმას, რომ ადგილზე დამატებითი ესკალაციები მოხდეს.
„არჩევნების შედეგს ბუნებრივია დავიცავთ, სახელმწიფოს ამის პრობლემა არ ექნება, მაგრამ დაძაბული ფონის შექმნაც კარგი და სახარბიელო არ არის. არ შეიძლება, ეს ჩვენს ინტერესებს შეესაბამებოდეს. იმედია, ოპოზიციაც ამისკენ მომართული არ იქნება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, აბსურდია ოპოზიციის განცხადებები, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ძალადობრივი მეთოდებით აპირებს.
„რომელ ძალადობრივი მეთოდებით შენარჩუნებაზეა საუბარი. ამომრჩევლის ხმა დაცული და ფარულია. უამრავი დამკვირვებელი აკვირდება საარჩევნო პროცესს და არჩევნების შედეგების ძალადობრივი ჩარევებით რამე ფორმის უხეში მანიპულაცია შეუძლებელია“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გუშინ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. ამ მოთხოვნის მიზეზად კი ის გარემოება დაასახელეს, რომ 50-მდე უბანზე უკვე გატანილია სამაგიდო სიები და ბეჭდები, რაც მათი თქმით, დარღვევაა. მესხის თქმით, მას კანონი არ დაურღვევია.
რაც შეეხება მანამდე ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, დადიანების სასახლესთან, როდესაც მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა, დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ინტერვიუს დროს მათთან მივიდა ზუგდიდის ორი მცხოვრები და სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის თანამშრომლებსაც. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დაპირისპირების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.